წმინდა ირინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ირინე მაკედონელი

წმინდა ირინემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 მაისი, ახალი სტილით - 18 მაისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მიგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი - ზეთისხილის რტოთი, არწივი - გვირგვინით და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა - მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო - მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა - სულიერი სიმაღლის სიმბოლომ - მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმინდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმნიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმინდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმინდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოტეხა და ფეხებით გათელა. წმინდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმინდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმინდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმინდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმინდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმინდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმინდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმინდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმინდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმინდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმინდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმინდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმინდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმინდანის ნეშტი ვერ იხილეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.