წითელი ლორწოვანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ლორწოვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ლორწოვანასებრნი
გვარი:  ქროოგომფუსი
სახეობა:  წითელი ლორწოვანა
ლათინური სახელი
Chroogomphus rutilus (Schaeff.) O.K. Mill., 1964

წითელი ლორწოვანა (ლათ. Chroogomphus rutilus) — ქროოგომფუსის გვარის სოკო ლორწოვანასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

საშუალო ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი. იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესად წიფლნარში, ზაფხულ შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus rutilus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება Chroogomphus rutilus მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა ორსონ ნაპ მილერმა 1964 წელს.[1]

სამეცნიერო სინონიმები:[2]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 3-8 (12-სმ-მდე) სმ, ხორციანი, [3] ახალგაზრდა ეგზემპლარებს — კონუსისებურ-მომრგვალებული, წითელ-ყავისფერი აბლაბუდისებრი საბურველით. მოგვიაინებით — ბრტყლად ამოზნექილი ან გაშლილია, ფართო, დაბლაგვებული ბორცვაკით ცენტრში. ქუდის კანი გლუვი, მბზინავი, ნორჩობაში ძლიერ ლორწოვანი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. ქუდის ფერი სხვადასხვაგვარია: ღია-ყავისფერი, მოწითურო, აგურისფერ-წითელი ან მოწითალო, ლილისფერი შეფერილობის; ახალგაზრდა ეგზემპლარებს ცენტრში ახასიათებთ მეწამული ელფერი, ზრდასთან ერთად ხუნდება.

რბილობი — ხორციანი, ფეხში ბოჭკოვანი, მოყვითალო-ვარდისფერი, ფეხის ძირში ნარინჯისფერი, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. გადატეხვისას მოვარდისფრო ელფერს იღებს, მოხარშვის შემდეგ მუქდება.

ჰომენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები რკალისებურად დაღმავალია, მეჩხერი, მსხვილი, თავდაპირველად ჟანგმიწისფერ-ვარდისფერი ან მოვარდისფრო-ლილისფერი, შემდეგ — მეწამულ-ყავისფერი, თანდათან იძენს ტალახისფერ-მურა, თითქმის შავ ფერს. ნორჩობაში ფირფიტები დაფარულია საბურველით.[4] ფირფიტები ადვილად სცილდება ქუდს.

ფეხის სიგრძე — 5-8 სმ, სისქე — 0,5-2 სმ, თანაბარი, ცილინდრული ან ძირისკენ გაწვრილებული, ხშირად მოღრეცილი, ოდნავ წებოვანი, ნორჩობაში ქუდის კიდე და ფეხი შეერთებულია თეთრი აფკისებრი საბურველით, რომელიც ფირფიტებს ფარავს, შემდგომში იგი ქრება და ფეხის ზედა ნაწილში ტოვებს საყელოს, რომელიც მალევე ქრება.[5] ფეხის რბილობი ბოჭკოვანია, ზედა ნაწილი — მოწითალო შეფერილობის, ძირში — ღია ყვითელი, ნარინჯისფერი.

შემოდგომის ყინვების შემდგომ პერიოდში, სოკო იღებს სპილენძისფერ-მეწამულ შეფერილობას.

სპორების ფხვნილი — მუქი-ყავისფერი, თითქმის შავი. სპორები — 13,6-18,5×5,3-6,7 მკმ, თითისტარისებრი, გლუვი, უფერული, მომურო-ნარინჯისფერი, სქელკედლიანი.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორწოვანასებრთა ოჯახის ყველა სახეობას ერთმანეთთან გარკვეული სახის მსგავსება აკავშირებთ. მსგავსება არასაჭმელ ან შხამიან სოკებთან არ გააჩნია. თუმცა გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა სასიკვდილოდ შხამიან ღორის სოკოში აერიოს.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, აგრეთვე დაფიქსირებულია კორეასა და იაპონიაში.[6]

იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და შერეულ ტყეებში, მანანით დაფარულ ადგილებში, როგორც წესი ფიჭვთან ახლოს, ხშირად მაღლობებზე, ერთეულებად ან ჯგუფებად.

მიკორიზას ქმნის ფიჭვთან და არყთან. განსაკუთრებით ხშირად გხვდება ნათელ გამეჩხერებულ ფიჭვნარში ხორკლებიან და ჩვეულებრივ დუმასოკოსთან ერთად. უპირატესობას ანიჭებს კირიან ნიადაგს.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო ხარისხის საჭმელი სოკოა.[7][8] საჭმელად ვარგისია ახალი, ასევე დამარინადებული და დაკონსერვებული. თერმულად დამუშავების შემდეგ იღებს მეწამულ შეფერილობას. მომზადებამდე აუცილებელია ლორწოვანი გარსის მოცილება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 140—141.
  • З.А.Клепина и Е.В.Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ—ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 60—61)
  • „Грибы. Справочник—определитель. Более 120 видов“ / Автор—составитель Н.Е. Макарова — Москва: АСТ, Минск: Харвест, 2005 — 320 с. (стр. 202-203)
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 201)
  • Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — Москва: АСТ, 2007. — 304 с. (стр. 37)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Miller OK. (1964). „Monograph of Chroogomphus (Gomphidiaceae)“. Mycologia. 56 (4): 526–49. doi:10.2307/3756358. JSTOR 3756358. The synonym Gomphidius viscidus is given on page 543.
  2. საიტ Mycobank.org-ზე დაყრდნობით, წაკითხვის თარიღი 24 თებერვალი, 2021
  3. Ewald Gerhardt. Grzyby – wielki ilustrowany przewodnik. ISBN 83-7404-513-2. 
  4. Marek Snowarski. Grzyby. Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza. ISBN 978-83-7073-776-4. 
  5. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 81, ISBN 99940-856-1-1.
  6. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2017-01-10.
  7. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda (1985). Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL. ISBN 83-09-00714-0. 
  8. Phillips R. Chroogomphus rutilus. Rogers Mushrooms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-07. ციტირების თარიღი: 2011-02-05