ძმები ზუბალაშვილების ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძმები ზუბალაშვილების ქუჩა

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები არსენალის ქუჩა, ტრიბუნალის ქუჩა, გეორგ ათარბეგოვის ქუჩა

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); ბესიკის ქუჩიდან ალექსანდრე გრიბოედოვის შესახვევამდე (ადრე მოიცავდა ახლანდ. ზურაბ ჟვანიას ქუჩასაც). წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1843 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც არსენალის ქუჩა. აქ იდგა არსენალის საუწყებო ყაზარმის შენობები. 1894 წელს აიგო თბილისის სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობა (არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი, ახლანდელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა), რის გამოც 1895 წელს სასამართლოს ქუჩა დაარქვეს. დატანილია თბილისის 1897 წლის გეგმაზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში სასამართლოს დაერქვა სახალხო ტრიბუნალი და ქუჩასაც ტრიბუნალის ქუჩა უწოდეს. 1926 წელსგეორგ ათარბეგოვის, 1990 წელს კი ძმები ზუბალაშვილების სახელი დაერქვა. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. ახლანდელი მთაწმინდის რაიონის გამგეობის შენობა (ზუბალაშვილების №20, ყოფ. №48)[1] აგებულია 1906 წელს სტეფანე და ნიკოლოზ ზუბალაშვილების მიერ როგორც უპოვართა, უმწეოთა და უსახლკაროთა თავშესაფარი (არქიტექტორიო მიხეილ ოჰანჯანოვი); შემდგომ აქ განთავსებული იყო ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფო. ქუჩას აქვს 1 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზუბალაშვილების N48 - ისტორია უპოვართა სახლიდან გამგეობის შენობამდე. kvira.ge (3 მაისი, 2021). ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2023