ცუსიმის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცუსიმის ბრძოლის რუკა

ცუსიმის ბრძოლარუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905 წწ.) დროს ბრძოლა რუსეთის ესკადრასა და იაპონიის ფლოტს შორის 1905 წლის 27-28 მაისს ცუსიმის კუნძულთან. რუსეთის მეორე წყნარი ოკეანის ესკადრა (სარდალი ვიცე-ადმირალი ზინოვი როჟესტვენსკი), რომელიც ლიბავიდან ვლადივოსტკისაკენ მიემართებოდა, ცუსიმის სრუტეში იაპონიის ფლოტს (სარდალი ჰეიჰატირო ტოგო) წააწყდა. იაპონელებმა გადაწყვიტეს რუსეთის ესკადრისათვის გზა გადაეჭრათ და გაენადგურებინათ იგი. როჟესტვენსკიმ ესკადრა ორ კოლონად გადააჯგუფა, ხოლო მტრის გამოჩენისთანავე კვლავ ერთ კოლონად განალაგა და მტერს ცეცხლი დაუშინა. პასუხად იაპონელებმა რუსეთის საფლაგმანო ხომალდებს შეუტიეს, ჯავშნოსანი „კნიაზ სუვოროვი“ მწყობრიდან გამოიყვანეს და საესკადრო ნაღმოსანი „ოსლიაბია“ ჩაძირეს. ბრძოლაში როჟესტვენსკი დაიჭრა და ესკადრის სარდლობა ნ. ნებოგატოვს გადაეცა. რუსეთის ესკადრა იგერიებდა იაპონელთა შეტევას და სვლას ვლადივასტოკისაკენ განაგრძობდა. დაღამებისას ესკადრას იაპონელთა სამოცმა ნაღმოსანმა შეუტია, ჩაძირა ჯავშნოსანი „ნავარინი“, ხოლო მთელი რიგი ხომალდები დააზიანა. სიბნელეში რუსულმა ხომალდებმა ერთმანეთთან კავშირი დაკარგეს. ნაწილი ცალ-ცალკე ჯგუფებად მიიკვლევდა გზას ჩრდილოეთისკენ. 28 მაისს დილისათვის ესკადრამ, როგორც საბრძოლო ძალამ, არსებობა შეწყვიტა, ალყაში მოქცეული ნებოგატოვის რაზმი 4 ხომალდით მტერს დანებდა. ეს იყო რუსეთის საბოლოო დამარცხება ომში.

ლიტერატურა[რედაქტირება]