შილდის მესამე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ვეძისხევის სამხრეთ ნაწილში, სოფელი შილდიდან სოფელი ბარცანისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, გზიდან დაახლოებით 60 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ძირითადად სამხედრო დანიშნულებისა იყო. სავარაუდოდ, გამოიყენებოდა დროებით საცხოვრებლადაც.

კოშკი გეგმით კვადრატულია, ზემოთ ოდნავ შევიწროებული, შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. შენობა ნაგებია რიყის და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედან გაწყობილია ბათქაშით. კოშკში შესასვლელი პირველ სართულზეა, დასავლეთიდან. კედელი კარის ადგილას დანგრეულია და შესასვლელს მხოლოდ თაღის ქუსლების და სამხრეთი წირთხლების მცირე ნაწილიღა შემორჩა. სართულის კედლებში ხუთი სათოფური და ხუთი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. სათოფურებიდან ორი შეწყვილებულია, დანარჩენები — ცალმაგი. შეწყვილებული სათოფურები აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ხოლო ცალმაგებიდან ორი დასავლეთითაა, ერთი — ჩრდილოეთით. ნიშებიდან ორ-ორი აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლების კიდეებთანაა, ერთი — სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდესთან. ნიშებს ფიცრული გადახურვა აქვს. ჩრდილოეთი კედლის შუაში გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ბუხარია, რომლის მოპირდაპირედ, ჭერთან, მცირე კვადრატული სარკმელია გაჭრილი.

პირველი სართულია კედელი სისქით რამდენადმე აღემატება მეორისას, რის გამოც სართულის მთელ პერიმეტრზე გადახურვის დონეზე შემორჩენილია დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის საფეხური, რომელზეც სართულის გადახურვის ხის ძელები იყო დაყრდნობილი.

მეორე სართულის კედლებში შვიდი შეწყვილებული და ორი ცალმაგი სათოფურია გაჭრილი.

მესამე სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. როგორც შემორჩენილი კედლების მიხედვით ირკვევა, აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო განიერი ღიობი იყო მოწყობილი. მათგან აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის — სარკმლისაა, დასავლეთის — კარის, რომელიც გადიოდა ხის ძელებზე დაყრდნობილ ღია აივანზე. სართულის კედლებში სათოფურები და რამდენიმე ნიშაა დატანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]