შეითან ბაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შეითან ბაზარი“, მხატვარი: რიხარდ ზომერი, 1917.

შეითან (შაითან) ბაზარი (არაბ. შაიტან — მუსლიმანურ მითოლოგიაში ავი სული, დემონი, ეშმაკი, სატანა), ეშმაკის ბაზარიXVIII საუკუნის თბილისში, აბანოთუბანსა და თათრის მოედანს შორის მდებარე პატარა ქუჩის სახელი. შეითან ბაზარი თათრის (ქვემო) მოედანს სამხრეთ მხრიდან ებჯინებოდა. მის გაყოლებაზე ჩამწკრივებული სავაჭრო დუქნებით თათრის მოედნისაგან ცალკე (XIX საუკუნის დასრულებამდე) არსებული, დამოუკიდებელი სავაჭრო რიგი — ქუჩა იყო. 1799 წელს გიორგი XII-ის მიერ გაცემულ წყალობის სიგელში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ მეფემან გიორგიმ... ეს წყალობის წიგნი... გიბოძეთ... ჩვენს... ექიმს პეტრეს... ტფილისის ქალაქში დუქნების წყალობას დაგვეაჯე... ვისმენთ აჯა... შენი და... გიბოძეთ მეიდნის ქვეით შეითან ბაზარში, ორი დუქანი....“

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით მოედნის სამხრეთით იწყება და მტკვრის დაღმა, სამხრეთისკენ მიემართება ქუჩა. ქუჩის ხელმარცხნივ, ავლაბრის ხიდთან, დგას პარუნბეკოვის ქარვასლა, მის გვერდით, მდინარის დაღმა — მირზოევის აბანო, შემდეგ — ხალათობის ქარვასლა. სწორედ ამ ადგილას შეითან ბაზრის ქუჩა უერთდება ბოტანიკურ ქუჩას. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის გეგმებზე შეითან ბაზრის ადგილზე მ. ვორონცოვის სახელობის ქუჩაა. ტერმინი „შეითან ბაზარი“. იმდენად გამჯდარი იყო ძველ თბილისელთა მეხსიერებაში, რომ მისი სახელი მექანიკურად გადაიტანეს თათრის მოედანზე და შეცდომით თათრის (ქვემო) მოედანსაც შეითან ბაზარს ეძახდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]