შაქრიანის ციხე-გალავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაქრიანის ციხე-გალავანი — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის სამხრეთით, 1-1,5 კილომეტრის მანძილზე, სწორ ადგილას. აგებულია XVIII საუკუნეში.

ციხე გეგმით კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. გალავნის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას, რომლებიც მთლიანად მის ფარგლებს გარეთაა მოქცეული. გალავანიც და კოშკებიც ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კოშკების შესასვლელები და ზოგიერთი ელემენტი გამოყვანილი ყოფილა კვადრატული აგურით. დაზიანებულია: მეტ-ნაკლებად დანაკარგებით შემორჩენილია გალავნის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები. მნიშვნელოვანი ნაწილები აკლია დასავლეთ კედელს, ხოლო სამხრეთი კედელი თითქმის მთლიანად დანგრეულია. კოშკები მხოლოდ სართულნახევრის სიმაღლეზეღა დღას.

ოთხივე კოშკი თითქმის ერთი ტიპისაა. თითოეულ სართულს შესასვლელი ეზოს მხარეს მდებარე სწორ კედელში აქვს მოწყობილი. შესასვლელთა თაღები გარედან, აგურის წყობით გამოყვანილ, საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში ყოფილა ჩასმული. კოშკების პირველ სართულზე, კარის პირდაპირ, აგურით მოპირკეთებული, ნახევარწრიული ბუხარია. ოთხივე კოშკის მეორე სართულის კედელი, პირველი სართულის კედელთან შედარებით, რამდენადმე შეთხელებულია, რაც ხის კოჭოვანი გადახურვის დასაყრდნობად, სართულებს შორის, დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიგანის საფეხურს ქმნის. მეორე სართულის კედელი შედარებით მეტ სიმაღლეზე ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკებს შემორჩათ. სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკის მეორე სართულის კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. გალავანი ორიარუსიანია. მისი ქვემოთა ნაწილი ყრუა. ზემოთაში კი, თანაბარი ინტერვალებით, სათოფურებია გაჭრილი. გალავანს ირგვლივ ხის საბრძოლო ბილიკი შემოუყვებოდა. გალავანს ქონგურები არ გააჩნია და თავი გადამრგვალებული აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]