ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებული მამაკაცი, 1969
დარგი ინფექციური დაავადება
სიმპტომები ციებ-ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება, დიარეა, სისხლჩაქცევები კანზე[1]
გართულებები ღვიძლის უკმარისობა[1]
დადგომის დრო სწრაფი[1]
ხანგრძლივობა ორი კვირა[1]
დიაგნოსტიკა ანტისხეულების, ვირუსის დნმ-ის ან ცილების (ანტიგენების) აღმოჩენა[1]
დიფერენციალური დიაგნოსტიკა დენგე, ცხელება Q,[2] ებოლას ცხელება[3]
მკურნალობა სიმპტომური მკურნალობა, რიბავირინი[1]
პროგნოზი გარდაცვალების რისკი ≈25%[1]
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 31969
ICD-10 A98.0
ICD-9 065.0

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. იწვევს Nairoviridae-ის ოჯახის ორთონაიროვირუსი (Orthonairovirus). ავადდებიან შინაური და გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, მ.შ. მღრნელებიც (მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა, ძაღლი, მაჩვი, თაგვი და სხვა). ძირითადად ვრცელდება ტკიპების (Hyalomma-ს გვარის სახეობები) საშუალებით, რომელთაც შეხება ქონდათ დაავადებულ ცხოველთან. ტკიპი ჯერ კბენს დაავადებულ ცხოველს (მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა და სხვა), რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია, და შემდეგ — ადამიანს. ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპთან კონტაქტის შემდგომ 1–9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3–14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს). Hyalomma-ის ტკიპების ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე, დაავადების შემთხვევები ძირითადად აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.[4]

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hyalomma-ის ტკიპა

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ცხოველს კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, მაგრამ ვირემიის პერიოდში (სისხლში ვირუსის ყოფნისას, ინფიცირებიდან 1–14 დღის განმავლობაში) დაავადების გამავრცელებელია.[4]

ადამიანებში დაავადების სიმპტომების დაწყება ხდება მოულოდნელად შეცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39–40°С-მდე აწევით, კუნთების და თავის ტკივილით, ტკივილით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, დიარეით. ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი).[4]

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარეობაში განარჩევენ ინკუბაციურ, პრეჰემორაგიულ, ჰემორაგიულ და კონვალესცენტურ ფაზებს.[5]

ინკუბაციური პერიოდი ინფიცირებული ტკიპის კბენის შემთხვევაში მოიცავს 1–3 დღეს და შეიძლება გაგრძელდეს 9 დღემდე, ხოლო ინფიცირებულ სისხლთან და გამონაყოფებთან კონტაქტის დროს — 5–6 დღეა და შესაძლოა გაგრძელდეს 13 დღემდე.[5]

პრეჰემორაგიული ფაზა იწყება მწვავედ, არასპეციფიური სიმპტომებით: შემცივნებით, ცხელებით, ასთენიით, თავის ტკივილით, მიალგიით, ართრალგიით, ფოტოფობიით, ზოგჯერ ვლინდება დიარეა, გულისრევა, ღებინება, სახის, კისრის, მკერდის ჰიპერემია, სკლერების სისხლსავსეობა, კონიუნქტივიტი. ფაზის ხანგრძლივობაა 1–7 დღე.[5]

ჰემორაგიულ ფაზაში ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა ჰემორაგიული გამოვლინებანი — პეტექიური გამონაყარი, ეკქიმოზები ან პურპურა, სისხლჩაქცევები ინექციების ადგილზე, ღრძილებიდან სისხლისდენა, ეპისტაქსისი, ჰემატემეზისი, ჰემოპტიზი, სისხლი განავალში, და ჰემორაგიული სინდრომის სხვა გამოვლინებანი (მეტრორაგია, ჰემატურია და სხვა).[5]

სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს კარდიო-რესპირაციული უკმარისობა, პოლიორგანული უკმარისობა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებითა და ცირკულაციური შოკით, გასტრო-დუოდენური სისხლისდენა.[5]

კონვალესცენციის ფაზა გრძელდება 20 დღემდე (შესაძლოა გახანგრძლივდეს 1 წლამდე). ამ დროს შესაძლო ნარჩენი გამოვლინებებია — ზოგადი სისუსტე, ლაბილური პულსი, თმის დროებითი ცვენა, პოლინევრიტი, სუნთქვის გაძნელება, მხედველობის, სმენისა და მეხსიერების დაქვეითება.[5]

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება იმუნოფერმეტური ანალიზი. ცხოველების ორგანიზმში ვირუსის მოკლე პერიოდის განმავლობაში ცირკულირების და კლინიკური ნიშნების არ არსებობის გამო ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. ცხელება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე შესაძლებელია სიკვდილით დასრულება.[4] ხასიათდება სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით (2-დან 50%-მდე).[5] დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან, ასევე პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Crimean-Congo haemorrhagic fever en. World Health Organization (იანვარი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2017
  2. Berger, Stephen (2017) Crimean-Congo Hemorrhagic Fever: Global Status: 2017 edition (en). GIDEON Informatics Inc, გვ. 7. ISBN 9781498815567. 
  3. Ebola virus infection - Differentials | BMJ Best Practice en. bestpractice.bmj.com. ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2018
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. სურსათის ეროვნული სააგენტო. nfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2021
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. moh.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2021