ყვარელწყლის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვარელწყლის სამაროვანი — ძვ.წ. VIII-VI საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის სამხრეთით, 500 მ. დაშორებით.

1966 წელს ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობის დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს მახვილები, შუბისპირები და რგოლები. 1967 წელს ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური) გათხარა ოთხი სამარხი. სამარხები წარმოადგენდა სწორკუთხა ორმოებს, რომლებიც ძელებით უნდა ყოფილიყო გადახურული. მიცვალებულის ჩონჩხი აღმოჩნდა მხოლოდ ერთ სამარხში: დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. მიცვალებულს წელზე ჯაჭვის ქამარი ჰქონია შემორტყმული, რომელზეც ღორის ეშვი ეკიდა. სამარხში გამოვლინდა მსხვილფეხა საქონლის თავის ქალა, ბრინჯაოს მახვილი, პინცეტი, მახვილის ჩამოსაკიდი სამხარიღლიე თასმის ბრინჯაოს მილაკები და ბრინჯაოს შუბისპირი. ორმოსამარხთა ინვენტარის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს თიხის ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია სამეთუნეო ჩარხზე წვრილმარცვლოვანი ქვიშანარევი თიხისგან და გამომწვარია ნაცრისფრად ან მოყავისფროდ. მასალა დაცულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაისურაძე, ბესარიონ. იორ-ალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაოს ძეგლები / [რედ.: ი. ჯალაღონია] ; საქ. მეცნ. აკად., არქეოლ. კვლევის ცენტრი. - თბ. : მეცნიერება, 1993 (მ/ა სტ.). - 96 გვ. : ტაბ. ; 20 სმ.. - რეზ. რუს. ენ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 86-92. - ISBN 5-520-01496-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]