ყარანა[1][2], ყვითელმუცელა[3] (ლათ.Phylloscopus) — ფრინველთაგვარიყარანასებრთაოჯახისა. მათ სხეულის სიგრძეა 10–14 სმ, იწონიან 5–12,5 გ-ს. შეფერილობა მურა ან მომწვანოა, სხეულის ქვედა ნაწილი როგორც წესი ყვითელია, რამდენიმე სახეობას თვალების ზემოთ ღია ფერის „წარბი“ აქვს. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში; 1 აზიური სახეობა ალასკამდეც აღწევს. ბინადრობენ სხვადასხვა განედებში — ბუჩქნარიანი ტუნდრიდან მუქწიწვოვან ტაიგამდე. ბუდობენ მიწაზე, ხეებზე ან ბუჩქებზე. ბუდე დახურულია, აქვს გვერდითი შესასვლელი. დებენ 4–8 წინწკლებიან ღია ფერის კვერცხს. კრუხობს უმთავრესად დედალი. ინკუბაცია 12–13 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან ობობებით, მწერებით, შემოდგომაზე ზოგჯერ კენკრითაც.