ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსნის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ვრცელი მინდვრის კიდეზე, ხევის პირას, სარკინიგზო ხაზის თავზე მდებარეობს. ნაგებობა სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვების შერეული წყობით არის ნაშენი. გამოყენებულია კირხსნარი. შესასვლელი სამხრეთიდან, ფასადის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. ღიობი გარედან დიდი არქიტრავის ქვით არის დახურული, შიგნიდან კი შეისრული თაღით სრულდება. აღმოსავლეთ წირთხლში დატანილია მართკუთხა ფოსო, სავარაუდოდ კარის ჩასასმელად. შესასვლელის კიდეები მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვებით არის ამოყვანილი. ეკლესია აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც დარბაზისგან მკვეთრად გამოკვეთილი კუთხეებით არის გამოყოფილი. ისინი თლილი ქვით არის ნაშენი. აფსიდის თაღოვანი სარკმელი შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. მის ორივე მხარეს ნახევარწრიული გეგმის მქონე, მაღალი, შეისრული თაღით დასრულებული ნიშებია მოთავსებული. თაღები ერთმანეთზე პირით მიდებული ორი ქვით არის შესრულებული. აფსიდის ჩრდილოეთ კედელზე, კიდევ ერთი, თუმცა შედარებით მცირე ზომის ნიშაა დატანილი. აფსიდის უმეტესი ნაწილი შელესილია. ის მსუბუქად შეისრული თაღის მქონე კონქით არის გადახურული. ის გადაყვანილია წვრილი ქვით. მისი მცირე ნაწილი ჩამონგრეულია. ჩამონგრეულია მთლიანი კამარაც, ასევე ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების ზედა ნაწილები. სამხრეთ კედელზე სარკმლის ქვედა ფრაგმენტია შემორჩენილი. დასავლეთ კედელი ყრუა. ტაძრის შიდა სივრცეში სამშენებლო მასალის ნაწილი ყრია, ამოსულია ბალახიც. ფასადები შეუმკობელია. მხოლოდ დასავლეთი ფრონტონის წვერში, გვხვდება წყობაში ბრტყლად ჩასმული აგურებისაგან შედგენილი ჯვრის გამოსახულება. მკლავებს შორის სიბრტყეები ვიწრო წახნაგით ჩვენკენ, ვერტიკალურად განლაგებული ქართული აგურის წყობით არის შევსებული. აღმოსავლეთ სარკმელი ერთიან ქვაში გამოჭრილი დაბალი, მცირე თაღით სრულდება. ნაგებობის სამხრეთ დასავლეთით, ჩამოჭრილ მიწაში ჩანს ქვაყუთი. აქვეა შემონახული მცირეფოსოიანი ქვაც. ეკლესია კედლების წყობით, სხვადასხვა არქიტექტურულ-კონსტრუქციული დეტალითა და სტრუქტურით გვიანი შუა საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30965