ქვემო ხანდაკის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვემო ხანდაკის კოშკი.

ქვემო ხანდაკის მეორე კოშკიარქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ საფონავთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,2 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. თაღოვანი კარი დასავლეთ კედელშია. პირველ სართულზე სამი ერთმაგი სათოფურია, ორი — ჩრდილოეთით, ერთი — დასავლეთით. სამხრეთ კედელში მაღალი ნიშია. ამ სართულს აგურით ნაწყობი გუმბათოვანი გადახურვა აქვს. სამხრეთ-დასავლეთით, კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. მეორე სართულზე, სამხრეთით — ერთი ერთმაგი, ხოლო ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით — თითო ორმაგი სათოფურია. ყველა სათოფურს გარეთკენ შევიწროებული ნიში აქვს. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში დატანებულია მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართულის კედლები ნახევრად დანგრეულია. ფასადებს შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყელი. კოშკი საყარაულო ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]