ფოტოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდფორმატიანი კამერის ლინზები

ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φώς (ფოს) „სინათლე“ + γραφίς (გრაფის) „სტილუსი“, „ფუნჯი“ ან γραφή (გრაფე) „გამოსახვა ხაზების მეშვეობით“ ან „ხაზვა“, რაც ერთად ნიშნავს „სინათლის ხაზვას“. ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.

კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის ტექნიკა კინემატოგრაფიის დისციპლინაა.

ისტორია[რედაქტირება]

კამერა ობსკურას კლასიკური მოდელი

ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873). ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ ერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (ათი შუქ-ჩრდილის გაზრდა, აბსერვაციის შემცირება და ა.შ.) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალთა და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა.) კონსტრუირება. ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.

დაგეროტიპია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დაგეროტიპია.
დაგეროტიპის კამერის კლასიკური მოდელი (1839 წ.)

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.

კალოტიპია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კალოტიპია.

თითქმის ლ.დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ.ტალბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპისგან განსხვავებით, ამ ხერხით ღებულობენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის ოპზიტივების დამზადება. გარდა ამისა, გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც (როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში).

კალოტიპიას დღესდღეობით მისდევენ განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც ჩამოყალიბდა ფოტოკამერის სპეციფიური სახეობა სახელწოდებით - "ავღანური კამერა".[1]

სველი ფოტოგრაფია[რედაქტირება]

ამბროტიპია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ამბროტიპია.
ამბროტიპიის ფოტოკამერის კლასიკური მოდელი (ФКД 13*18)

დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიის განვითარებაში ინგლისელი მეცნიერის ფ.სკოტ-არჩერის მიერ 1851 ე.წ. სველკოლოიდური პროცესის გამოგონებამ. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობარობა, ფოტომასალის სისველის აუცილებლობა და ა.შ.) XIX საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ ჟელატინით.

ფეროტაიპი/ტინტაიპი[რედაქტირება]

ამბროტიპია თავისი კლასიკური გაგებით ნიშნავს მინის გამჭვირვალე ზედაპირზე გამოსახულების გადატანას, რომლის დროსაც გამოსახულება ნეგატივის სახით წარმოდგება, ხოლო თუ ჩვენ მას შავი ფერის ფონს ამოვუდებთ დავინახავთ პოზიტიურ გამოსახულებას. ასე წარმოიქმნა ამბროტიპიის შემდეგი მიმართულება რომელსაც ტინტაიპი დაარქვეს. ტინტაიპი/ფეროტაიპი/ალუმინტაიპი ეს არის შავ ზედაპირიან მყარ მასალაზე შექმნილი გამოსახულება სველკოლოდიური მეთოდით, რომლის დროსაც გამოსახულება პირდაპირ პოზიტივად წარმოგვიდგება. მას არ გააჩნია ნეგატივის წარმოდგენის საშუალება და ჩვეულებრივი ამბროტიპისაგან განსხვავებით სურათის დასრულებულ ფორმას წარმოადგენს, რომელზეც გამოსახულება აისახება შებრუნებულად.

მშრალი ფოტოგრაფია[რედაქტირება]

1871 ინგლისელმა რ.მედოქსმა დაამუშავა ბრომვერცხლის ჟელატინიანი ემულსიის დამზადების პირველი პრაქტიკული ხერხი. იქიდან გამომდინარე რომ ჟელატინიანი ემულსიით დაფარული მასალა არ საჭიროებდა წინასწარ სხვადასხვა სითხეებით დამუშავებას, მას ზედმეტ სახელად "მშრალი ფოტოგრაფია" შეარქვეს. ყველაზე ფართოდ გავრცელდა მშრალი ჟელატინის შრეები, რომლებშიც შედიოდა ვერცხლის ჰალოგენიდების მიკროკრისტალები. თავდაპირველად მათ ამზადებდნენ მინის ფუძეშრეზე (ფოტოფირფიტა), შემდგომ კი – ქაღალდისა და აფსკის ფუძეშრეზე (ფოტოქარალდი, ფოტოფირი (1887)).

ფერადი ფოტოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფერადი ფოტოგრაფია.

თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Photography and The Art of Seeing by Freeman Patterson, Key Porter Books 1989, ISBN 1-55013-099-4.
  • The Art of Photography: An Approach to Personal Expression by Bruce Barnbaum, Rocky Nook 2010, ISBN 1-933952-68-7.
  • Image Clarity: High Resolution Photography by John B. Williams, Focal Press 1990, ISBN 0-240-80033-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]