უკანახოს პირველი საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანახოს პირველი საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ელიაგზაში, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნის მამუკა ბობღიაშვილს. სახლი ორსართულიანია და ფერდობზე ტერასულადაა განლაგებული. ნაგებია სიპი ქვით, წყობა მშრალია. პირველ სართულზე გომური (7,8 x 5,9 მეტრი), მცირე ზომის საქალებო (3 x 2,9 მეტრი) და წინკარია (დარიფანი). გომურს სამხრეთიდან (წინკარიდან) შესასვლელი და ერთი პატარა სარკმელი აქვს. დანარჩენი კედლები ყრუა. კედლების გასწვრივ მოწყობილია ბაგა. იატაკზე მოგებულია სიპი ქვის ფილები. გადახურვის ხის კოჭები ქვის კვადრატულ სვეტს ეყრდნობა. საქალებოს მხოლოდ ერთი კარი აქვს სამხრეთით, აღმოსავლეთიდან ეკვრის წინკარი. იგი სამხრეთით მთლიანად გახსნილია. მეორე სართულზე ოთახი (7 x 5,8 მეტრი) და საბძელია (6,6 x 5 მეტრი). ამ სართულის სამხრეთ ნაწილი პირველი სართულის წინკარის, საქალებოსა და გომურის სამხრეთ ნაწილზე დგას, ჩრდილო ნაწილი მთის ფერდობზეა. შესასვლელი აღმოსავლეთიდან, დაფერდებული ეზოდანაა, კარი გომურის იატაკიდან 3 მეტრ სიმაღლეზეა გაჭრილი. აღმოსავლეთით პატარა სარკმელი და ნიშია, დასავლეთით ორი პატარა ნიში. სამხრეთ კედელი ფიცრულია. ამ კედელში გაჭრილი კარით საცხოვრებელი საბძელს უკავშირდება. საბძელში თივა ზევიდან, საცხოვრებელი ოთახის თავზე დადგმული მეორე საბძლიდან იყრება. სახლის სახურავი ხის ბოძებზე დაწყობილ კოჭებს ეყრდნობა. სახლის ჩრდილოეთით, 1,5 მეტრზე, ფერდობზე დგას ეგრეთ წოდებული „საფრის კალო“ - გადახურული კალო, რომლის თავზეც მესამე საბძელია. სამივე საბძელს თივის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]