სუბტროპიკული სარტყლების სტეპის ზონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუბტროპიკული სარტყლების სტეპის ზონები — ხმელეთის ბუნებრივი ზონები ჩრდილოეთ და სამხრეთ განედების 25 და 40° შორის. გავრცელებულია მტკვარ-არაქსის დაბლობზე. ჩრდილოეთ ამერიკაში — დიდი ვაკეების სამხრეთ ნაწილში, კოლორადოს პლატოზე, კალიფორნიასა და მექსიკის მთიანეთიის შიგა რაიონებში. სამხრეთ ამერიკაში — ლა-პლატოს დაბლობზე (პამპა) და ანდეპის აღმოსავლეთ მთისწინეთში; ავსტრალიის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ვაკეებზე.

ჰავა მშრალია და თბილი. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 580—750 კჯ/სმ² (140—180 კკალ/სმ²) სითბოს. იცის უთოვლო ზამთარი. ყველაზე ცივი თვის საშზალო ტემპერატურაა 5—12°C. ზაფხული ცხელია და გვალვიანი. ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურაა 20—25°C. ნალექები 500—600 მმ წელიწადში.

კონტინენტების სუბტროპიკული სარტყლების სტეპის ზონების აღმოსავლეთ სექტორებში ნალექების მაქსიმალური ზაფხულშია, დასავლეთ სექტორებში —ზამთარში. მდინარეები წყალმცირეა. ზოგი მდინარე მშრალ სეზონში შრება. ბუნებრივ ლანდშაფტებში ჭარბობს ბალახოვანი მცენარეულობა და ბუჩქნარი. მდინარეთა ხეობების გასწვრივ ჭალის ტყეებია. ნიადაგები მდიდარია რკინისა და ალუმინის ჟანგით, რაც განაპირობებს მათ ყავისფერ და მოწითალო შეფერილობას. ცხოველებიდან ბინადრობენ მღრღნელები, სწრაფმორბენალი ჩლიქოსნები, ქვეწარმავლები.

სუბტროპიკული სარტყლების სტეპის ზონებში განვითარებულია სასაძოვრო მესაქონლეობა და სარწყავი მიწათმოქმედება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]