სომხური დამწერლობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხური დამწერლობა
ტიპი: ანბანი
ენები: სომხური ენა
შექმნა მესროპ მაშტოცი
დროის პერიოდი: 405 წლიდან დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: ბერძნული დამწერლობა (სადავოა)
სომხური დამწერლობა
სომხური ანბანი
Աա: აიბ Ծծ: წა Ջջ: ჯე
Բբ: ბენ Կկ: კენ Ռռ: რა
Գգ: გიმ Հհ: ჰო Սս: სე
Դդ: და Ձձ: ძა Վվ: ვევ
Եե: ეჩ Ղղ: ღად Տտ: ტივნ
Զզ: ზა Ճճ: ჭე Րր: რე
Էէ: Մմ: მენ Ցց: ცო
Ըը: ეტ Յյ: ჲი Ււ: ივნ
Թթ: თო Նն: ნოვ Փփ: ფივრ
Ժժ: ჟე Շշ: შა Քք: ქე
Իի: ინი Ոո: ვო և: ევ
Լլ: ლივნ Չչ: ჩა Օօ:
Խխ: ხე Պպ: პე Ֆֆ: ჶე

სომხური დამწერლობა ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელსაც სომხური ენა იყენებს. გადმოცემის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მას შემდეგ სომხური ანბანი გამოიყენება ორი თანამედროვე, სალიტერატურო და სასაუბრო, დიალექტების დასაწერად — აღმოსავლეთ სომხურისა და დასავლეთ სომხურისთვის — რომლებიც ერთ პერიოდში განვითარდა. შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. თავდაპირველად სომხურ ანბანში 36 ასო იყო, მოგვიანებით (XII საუკუნე) კი მას სამი ასო დაემატა. თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი. სომხურად სიტყვა „ანბანი“ არის այբուբեն (CA, EA: [aɪbubɛn], ან WA: [aɪpʰupʰɛn]), სომხური ანბანის პირველი ორის ასოს მიხედვით. სომხური დამწერლობა რიცხვების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა.

ისტორია[რედაქტირება]

განვითარების ხანგრძლივი გზის მიუხედავად სომხურ ანბანს უძველესი დროიდან დღემდე არსებითად სახე არ შეუცვლია. მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგირი (ასომთავრული) და ბოლორგირი (ნუსხური). ცნობილია აგრეთვე მათ შორის გარდამავალი ტიპები. გვიანდელ შუა საუკუნეებში გავრცელდა ბოლორგირის ნაირსახეობანი: ნოტრგირი (მდივან-მწიგნობრული) და შღაგირი (გაკრული). საუკუნეების მანძილზე სომხურმა დამწერლობამ შექმნა დაქარაგმების, ლიგატურების, კრიპტოგრამებისა და სიმბოლოების უმდიდრესი სისტემა. სომხური დამწერლობის გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი. სომხური საისტორიო წყაროების ერთი ჯგუფის მიხედვით, იგი V საუკუნის დასაწყისში შექმნა სომეხმა ბერმა მესროპ მაშტოცმა. მეორე ჯგუფის წყაროთა ცნობით მან უკვე არსებული ანბანი მხოლოდ შეავსო გარკვეული გრაფემებით. არმენოლოგთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით V საუკუნემდე სომხური დამწერლობა არ არსებობდა და მისი შექმნა მთლიანად მაშტოცის დამსახურებაა. ზოგი სპეციალისტი, მართალია, ჩვენთვის ცნობილ დამწერლობას მაშტოცს მიაწერს, მაგრამ წყაროთა მონაცემების გათვალისწინებით ვარაუდობს, რომ მანამდეც არსებობდა სომხური დამწერლობა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებობს აგრეთვე ჰიპოთეზა, რომელიც მაშტოცის სახელით ცნობილ ადამიანს წინაქრისტიანული ხანის პროდუქტად მიიჩნევს.

საერთო აზრი არ არსებობს არც სომხური დამწერლობის წარმომავლობის საკითხში. უმთავრესი არგუმენტირებული შეხედულებებით მას საფუძვლად დაედო:

  1. არამეული დამწერლობის რომელიმე განშტოება.
  2. ბერძნული დამწერლობა
  3. ეთიოპიური დამწერლობა

ყველა შემთხვევაში სპეციალისტები ხაზს უსვამენ ბერძნული სისტემის გავლენას. სომხური დამწერლობის თარიღიანი წარწერები დადასტურებულია VII საუკუნიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]