სოლომონ-ყალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაძარი 1902 წელს

სოლომონ-ყალაეკლესია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ კოლა-ოლთისის მხარეში. გუმბათოვანი ეკლესია მდებარეობს ციხის გალავნის შიგნით. კედლის დასავლეთ ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძარი წმინდა დიმიტრის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული. მიეკუთვნება კუპელჰალეს ტიპის ეკლესიებს.[1]

ნაგებია პატარა თლილი ქვებისაგან. ცენტრალური გეგმა კვადრატს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის აფსიდა. გუმბათის ყელი მრგვალია, ცილინდრისებული გუმბათით. გუმბათის ყელში ოთხი მრგვალი სარკმელია, ყელი გარედან შემკობილია რვა კამარით. გუმბათის ზემო ნაწილი ჩამონგრეულია.

დასავლეთის კედელზე ასომთავრული წარწერებია: „ღმერთო და წმინდაო დიმიტრი, შეიწყალე ცოდვილი დავით მონაზონი, ამინ“ და „ქრისტე შეიწყალე...“[2]

ეკლესია მოხატული ყოფილა. მოხატულობა დიმიტრი ბაქრაძის ვარაუდით XI საუკუნისაა, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის აზრით ფრესკები ძალიან ჰგავს ზარზმისა და ჭულეს მოხატულობას და ათარიღებს XIV საუკუნით, ხოლო თვით ტაძარს IX-X საუკუნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს, დაბრუნება, ტ. I, თბ., 1991
  • გენგიური ნ., კუპელჰალე, თბ., 2005

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გენგიური ნ., კუპელჰალე, თბ., 2005, გვ.43-45
  2. თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს, დაბრუნება, ტ. I, თბ., 1991, გვ. 327