სიქიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაგრიანი სიქი სამხედრო

სიქიზმი (პენჯ. ਸਿੱਖੀ „მოსწავლე“) — ინდოეთის ერთ-ერთი ახალგაზრდა მონოთეისტური რელიგიური აღმსარებლობა, დაარსებულია ჩვ.წ. XV საუკუნეში გურუ ნანაკის მიერ. გავრცელებულია ძირითადად პენჯაბის შტატში. ჰყავს ოც მილიონზე მეტი მიმდევარი.

სიქიზმი ქადაგებს ყველა რელიგიების (თავის დროზე იგულისხმებოდა ისლამი და ინდუიზმი) შემწყნარებლობას, ადამიანთა თანასწორუფლებიანობას, ქალთა ემანსიპაციას და ა.შ.

სიქიზმის წმინდა წიგნს ჰქვია „გურუ გრანთი“. სიქებს, ბიბლიური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მსგავსად, ერთი უსახო და უსახელო ღმერთის სწამთ, რომელსაც ისინი სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვით მოიხსენებენ - პარამატმანი (”ზესული”) და სიქიზმის დამაარსებლის - ნანაკის გარდა კიდევ ცხრა გურუს სცემენ თაყვანს. ამ რელიგიამ ინდუიზმიდან ისესხა სულის უკვდავების, კარმის, დჰარმის და სხვ. იდეა.

სიქი მამაკაცები წვერს და თმას არასდროს იპარსავენ, ამიტომ ყოველთვის დიდ პაგრის (ჩალმას) ატარებენ , რაშიც თავიანთ დაწნულ წვერ-ულვაშს და მუხლებამდე გრძელ თმას მალავენ. ასევე მათი განუყრელი ატრიბუტია ფოლადის სამაჯური, სავარცხელი და პატარა ხანჯალი.
სიქებისთვის დამახასიათებელია გვარი „სინჰი“ („სინგჰი“), რაც სანსკრიტზე „ლომს“ ნიშნავს და სიქების სიმამაცეს უსვამს ხაზს.

ინდოელი ხალხის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეპოქიდან მოყოლებული, სიქები, რომლებიც თავიანთ სარწმუნოებას ეროვნებასთან აიგივებენ, პენჯაბის ინდოეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. სიქი სეპარატისტების ხელით 1984 წელს მოკლული იქნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]