სვანეთის საბოქაულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სვანეთის საბოქაულო (რუს. Сванетское приставство), მულახ-იფარის საბოქაულო (რუს. Мулахо-Ипарское приставство) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული 1847-1849 და 1857-1867 წლებში ბალსზემო სვანეთის იგივე „თავისუფალი სვანეთის“ ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში ზემო სვანეთის ტეროტორია დაყოფილი იყო თავისუფალ სვანეთად და სადადიშქელიანოდ, რომლის ორი შტოს წარმომადგენელი ციოყ დადიშქელიანი (ჩებუხევის მფლობელი) და თათარყან დადიშქელიანი (ბეჩოს და ეწერის მფლობელი) დაუსრულებლად ქიშპობდა ერთმანეთში. 1833 წლის 26 დეკემბერს დაკმაყოფილდა სვანეთის მფლობელთა თხოვნა მიეღოთ ისინი რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ[1][2]. მიუხედავად რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ ერთადყოფნისა, დადიშქელიანების შტოებს შორის ბრძოლა არ შენელებულა. 1842 წელს გარდაიცვალა ციოყ დადიშქელიანი, რომელსაც დარჩა მცირეწლოვანი (14 წლის) ვაჟი კონსტანტინე. 1843 წელს თათარყანი დაესხა თავს ციოყის ოჯახს და გაიტაცეს მისი და, ხოლო დანარჩენი ადგილზე ამოწყვიტეს. აღნიშნულ თავდასხმას კონსტანტინე დადიშქელიანი და მისი ძმები შემთხვევით გადაურჩნენ, რადგანაც იმ დროს იმყოფებოდნენ ტფილისში. კონსტანინე შეიკედლეს სამეგრელოს მთავრის დადიანების ოჯახმა, ხოლო მისი ძმა პეტერბურგში სასწავლებლად გააგზავნეს. 8 თვის შემდეგ კონსტანტინე დადიშქელიანმა განდევნა თავის სანახებიდან მომხვდური, ხოლო 1846 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა შეარიგა ორივე მხარე.

1847 წლის 31 ოქტომბერს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა გამოაქვეყნა ცნობა, რომლის ძალითაც აიკრძალა „თავისუფალი სვანეთის“ მოსახლეობის ყოველგვარი შეზღუდვა. ბალსზემო სვანეთის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთს შეუერთდა, შეიქმნა მულახ-იფარის საბოქაულო. მის მმართველად დაინიშნა პორუჩიკი თავადი ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც უშუალოდ რაჭის მაზრის უფროსს დაექვემდებარა. ამ საბოქაულოს შტატი განისაზღვრა: ბოქაულის, მისი თანაშემწის, თარჯიმნის, მწერლისა და ორი დამტარებლისაგან, რომელთა წლიური ხარჯები 1260 მანეთს შეადგენდა. კავკასიის ადმინისტრაციას ბალსზემო სვანეთის შეერთება უცნობებია მეფისათვის, რომელიც მეფისნაცვლის და ქუთაისი ვიცე-გუბერნატორის დამსახურებას დიდი მოწონებით შეხვედრია. რუსეთთან შეერთებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სვანეთში თავი იჩნა არეულობამ, რაც აშკარა წინააღმდეგობაში გადაზრდილა. 1849 წლის 4 თებერვალს სამსახურის დაწყების ორი წლის თავზე ბოქაული და მისი თანამშრომლები სვანეთიდან გამოაძევეს. კავკასიის ადმინისტრაცია იძულებული გახდა 1849 წლის 23 თებერვალს მულახ-იფარის საბოქაულო გაეუქმებინა. 1852 წელს თავისუფალმა სვანეთმა კვლავ მოითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა[3].

1855 წელს კონსტანტინეს უმცროსმა ძმამ ისლამმა ჩასაფრებით მოკლა დადიშქელიანების მეორე შტოს წარმომადგენელი ჯანსუღ დადიშქელიანი[4]. მიუხედავად რუსეთის იმპერიის მოთხოვნისა მისულიყვნენ და ანგარიში ჩაებარათ მომხდარის თაობაზე, ძმები კონსტანტინე და ალექსანდრე დადიშქელიანები არ გამოცხადდნენ. სვანეთში ვითარების ახალი ესკალაცია პეტრე უსლარს უკავშირდება, რომელმაც დაარწმუნა მეფისნაცვალი ბარიატინსკი და თავადი გაგარინი სამეგრელოსა და სვანეთის სამთავროების გაუქმებაში. ომისშემდგემ პერიოდში ბარიატინსკი არ იყო დაინტერესებული რამე ახალი ექსპედიციებით, ამიტომ სვანეთში ჯამსუღის მკვლელობის ვითარებისა და ძმების გამოუცხადებლობის გასარკვევად ლორის მელიქოვი გაგზავნა. იმავე დროს სვანეთიდან მოვიდა შეტყობინება, რომ თავისუფალი სვანეთს ავიწროებდა კონსტანტინე დადიშქელიანი, რის გამოც 1857 წლის ივლისს სვანეთზე ბარიატინსკის ბრძანებით ოთხივე მხრიდან განხოციელდა შეტევა. კონსტანტინე დადიშქელიანი ცდილობდა პეტრე უსლარისთვის, რომელიც მეთაურობდა აღნიშNულ შეტევას აეხსნა, რომ არ აპირებდა რუსეთის იმპერიის წინაღდგომობას. მას შემდეგ რაც სვანეთში რუსის ჯარი შევიდა, გადაწყდა კონსტანტინე დაუმორჩილებლობის გამო გადაესახლათ ერევანში, რასაც მოჰყვა ჯერ თავად გაგარინის მკვლელობა, ხოლო შემდეგ კონსტანტინე დადიშქელიანის სიკვდილით დასჯაც. აღნიშნულის გამო, რათა კონსტანტინეს ძებს და მის შთამომავლობას შური არ ეძიათ, ისინი გადასახლეს. მოგვიანებით წებელდის მთავრის მარშანიას შუამდგომლობით სვანეთის ავტონომიურ სტატუსზე უარი თქვა ასევე ბეჩო-ეწერის მფლობელმა თენგიზ დადიშქელიანმაც. ასე გაუქმდა სვანეთის სამთავრო.

1857-58 წლებში სვანეთის სამთავრო გაუქმდა, მისი მოსახლეობა სვანეთის საბოქაულოში გაერთიანდა. 1867 წელს გაუქმდა სვანეთის საბოქაულო და მის მაგივრად შეიქმნა ლეჩხუმის მაზრა.

მართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1858 — ქუთაისის გუბერნიის სვანეთის ბოქაული — კაპიტანი სიმონ ამირეჯიბი[5];
  • 1860 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სვანეთის ბოქაული — კაპიტანი სიმონ ამირეჯიბი[6];
  • 1861 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სვანეთის ბოქაული — კაპიტანი სიმონ ამირეჯიბი[7];
  • 1864 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სვანეთის ბოქაული — პორუჩიკი ილია მამაცოვი[8];
  • 1865 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სვანეთის ბოქაული — პორუჩიკი ილია მამაცოვი[9];
  • 1866 — ქუთაისის გუბერნიის სამეგრელოს სამფლობელოს სვანეთის ბოქაული — პორუჩიკი ილია მამაცოვი[10];

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]