საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ამჟამინდელი მდგომარეობა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება (სრულად ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის) — საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.[1]

მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის ივლისში. შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. მას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში (ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისიდან[2]). ამ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით და ჩაანაცვლა 1996 წელს ხელმოწერილი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.[1]

ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის, აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.[1]

ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმებაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, აღნიშნულია, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.[1]

შეთანხმებაში გამოხატულია სრული პატივისცემა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პრინციპების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივ ხელშეწყობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება როგორც მხარეთა შორის, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან, პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა (ასოცირების შესახებ შეთანხმების თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა ცალკე მუხლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს მუხლი გაჩნდა საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი დელეგაციის ძალისხმევის შედეგად).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 საქართველო და ევროკავშირი ქართ. . საქართველო და ევროკავშირისაინფორმაციო ცენტრი.
  2. EU/Georgia Association Agreement | en. EEAS. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2024