საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოსაქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 1938-1947 წლებში. სულ I მოწვევის უმაღლეს საბჭოში არჩეულ იყო 237 დეპუტატი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1838 წლის 8 ივლისს საღამოს 7 საათზე თბილისში გრიბოედოვის თეატრის შენობაში გაიხსნა საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია.

დეპუტატ მ. ჯაშის წინადადებით სესია გახსნა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უხუცესმა დეპუტატმა ფ. მახარაძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ უმაღლესი საბჭო შეუდგა თავჯდომარისა და მოადგილეების არჩევას. უმაღლესი საბჭოს თავჯომარედ ერთხმად იქნა არჩეული იოსებ დიმიტრის ძე კოჭლამაზაშვილი, თავჯდომარის მოადგილეებად კი ნევრესტ რეჯების ასული შაშიკაშვილი და გიორგი გუჯას ძე ჯგუბურია.

უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა შემდეგი მუშაობის რეგლამენტი:

  1. უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომები წარმოებს დილის 11 საათიდან დღის 2 სათამდე და საღამოს 7 საათიდან 10 საათამდე;
  2. უმაღლესი საბჭოს სესიის დღის წესრიგის საკითხებზე მომხსენებლებს ამტკიცებს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე;
  3. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა თითოეულ ჯგუფს, რიცხვით არანაკლებ 25 კაცისა, უფლება აქვს წამოაყენოს თავისი თანამომხსენებელი;
  4. მომხსენებლებს ეძლევათ მოხსენებისთვის ერთი საათი და საბოლოო სიტყვისათვის 30 წუთი. თანამომხსენებლებს თანამოხსენებისათვის — 30 წუთი, საბოლოო სიტყვისათვის — 15 წუთი;
  5. ორატორებს სიტყვისათვის ეძლევათ პირველად 20 წუთი და მეორედ — 5 წუთი;
  6. პირადი განცხადებები და ფაქტიური ცნობები შეტანილ უნდა იქნას წერილობით და გამოცხადდება საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მიერ დაუყოვნებლივ ან სხდომის ბოლოს, მათი შინაარსის მიხედვით;
  7. რიგგარეშე შეკითხვები შეტანილ უნდა იქნას წერილობით და დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მიერ;
  8. წესრიგის საკითხებზე სიტყვისათვის მიცემული იქნება 5 წუთი;
  9. ხმის მიცემის მოტივებზე მიცემული იქნება 3 წუთი.

თბილისის, აჭარის, აფხაზეთის, ცაგერისა და ლაგოდეხის რაიონების დეპუტატთა ჯგუფის სახელით დეპუტატ კ. ნ. ჩარკვიანის წინადადებით, საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შემდეგი დღის წესრიგი:

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევნები;
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შესახებ;
  3. საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანა იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეტანილია კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მიერ, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია საქართველოს სსრ-ის ცაკისა და სახკომსაბჭოს მიერ;
  4. დეპუტატთა ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ სადეპუტატო მოვალეობის შესრულებასთან;
  5. არჩევა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა;
  6. საქართველოს სსრ-ის მთავრობის — საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს შედგენა.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებულების შესამოწმებლად არჩეულ იქნა სამანდატო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სამანდატო კომისიის თავჯდომარე — მაკარ ჯაში;
  • სამანდატო კომისიის წევრები: ს. ნ. სანაკოევი, მ. ე. ფაღავა, გ. ნ. საჯაია, ც. ა. ქარდავა, ა. ი. ჯანელიძე, ნ. ს. აგაშენაშვილი, კ. პ. აბალაკი და გუმბათ ნასიბ-ოღლი გუმბათოვი.

დასასრულს, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭომ მისასალმებელი სიტყვა გაუგზავნა საბჭოთა ბელადს ი. ბ. სტალინს და სამანდატო კომისიის არჩევის შემდეგ სესია გამოცხადდა დახურულად[2].

9 ივლისს დილის 11 საათზე თბილისში გრიბოედოვის თეატრში შედგა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს I სესიის მეორე სხდომა.

პირველ საკითხად განხილულ იქნა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიის დღისწესრიგის მეორე პუნქტი — საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შესახებ. დეპუტატ ს. რ. მილშტეინს თბილისის, აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ-ოსეთის დეპუტატთა ჯგუფის სახელით შეაქვს წინადადება შეიქმნას საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო განზრახულობათა კომისია 9 კაცის შემადგენლობით. კომისიის შემადგენლობაში არჩეულ იქნენ:

  • კომისიის თავჯდომარე — რაფიელ არტემის ძე კვირკველია;
  • კომისიის წევრები: ვ. ი. ხუბაევი, ნ. პ. სარქისოვი, დ. ა. დავითაძე, ი. ნ. ბჟანია, ივ. ჯავახიშვილი, ვ. დ. ბუჯიაშვილი, კ. ა. ფაღავა და ს. ს. მიქაბერიძე.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესია ღებულობს დეპუტატ მ. ი. ბურჭულაძის მიერ ქ. თბილისის, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ, სამხრეთ-ოსეთის ა. ო. თბილისისა და გორის რაიონების დეპუტატთა ჯგუფების სახელით შეტანილ წინადადებას საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომისიის შექმნის შესახებ. საბიუჯეტო კომისია შექმნილ იქნა 11 კაცის შემადგენლობით:

  • კომისიის თავჯდომარე — მიხეილ მაქსიმეს ძე გვიშიანი;
  • კომისიის წევრები: ი. ა. დევსურაშვილი, მ. ჰასანოვი, ა. ვ. ჯორბენაძე, დ. ზ. ცირეკიძე, შ. ქ. შარაშიძე, ლ. ტ. ტკაჩენკო, ნ. ა. ჯინჭარაძე, დ. პ. გაბარაევი, კ. ს. ცეკვავა და ს. გ. ბაზანდარაშვილი.

სხდომის მოკლე ხნით შეწყვეტის შემდეგ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესია შეუდგა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებების შემოწმების შესახებ სამანდატო კომისიის თავჯდომარის დეპუტატ მ. ჯაშის მოხსენების მოსმენასა და განხილვას. კომისიის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემამ უხარვეზოდ ჩაიარა და რომ არცერთი დეპუტატის გადარჩევის აუცილებლობაც არ არსებობდა. მოხსენების ბოლოს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ნ. ნ. კეცხოველის წინადადებით 237-ვე დეპუტატის უფლებამოსილება დამტკიცებულ იქნა კენჭისყრით. სამანდატო კომისიის მოხსენების შემდეგ დილის სხდომა დაიხურა.

9 ივლისის საღამოს 7 სათზე თბილისში გრიბოედოვის თეატრში შედგა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს I სესიის მესამე სხდომა.

სხდომაზე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიამ მოისმინა დეპუტატ ვ. ი. ეგნატაშვილის მოხსენება საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ იმ ცვლილებებთან დაკაშირებით, რომლებიც შეტანილია კონსტიტუციის ზოგიერთ მუხლში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მიერ, აგრეთვე საქართველოს სსრ-ის ცაკისა და სახკომსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მოხსენების ირგვლივ გამართულ კამათში გამოვიდნენ დეპუტატები მ. კ. დელბა, ვ. ნ. მაზიაშვილი და ვ. გ. დეკანოზოვი. კამათის დამთავრების შემდეგ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო ღებულობს შემდეგ დადგენილებას საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის დამატებისა და შევსების შესახებ.

დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ მშრომელი დელეგაციის წარმოამადგენლები, რის შემდეგაც სესიის საღამოს სხდომა დაიხურა[3].

10 ივლისს დილის 11 საათზე თბილისში გრიბოედოვის თეატრში შედგა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს I სესიის მეოთხე სხდომა.

თბილისის, აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ-ოსეთის დეპუტატთა ჯგუფის სახელით გამოსულ დეპუტატის გ. თ. სტურუას წინადადებით საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების თაობაზე.

უმაღლესი საბჭოს სესიამ განიხილა და დაამტკიცა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით:

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე — ფილიპე მახარაძე;
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილეები: მიხეილ კონსტანტინეს ძე დელბა და დაუთ ალის ძე დავითაძე;
  3. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — ვასილ იაკობის ძე ეგნატაშვილი;
  4. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ს. გ. ბაზანდარაშვილი, ლ. ბერია, მ. მ. გვიშიანი, ივ. ჯავახიშვილი, ა. ვ. ჯორბენაძე, ვ. მ. მაზიაშვილი, გ. ი. ნარსია, შ. ი. ოვესიანი, გ. ნ. საჯაია, ი. ვ. ტიულენევი, ვ. ი. ხუბაევი, კ. ნ. ჩარკვიანი და შ. ი. ჭანუყვაძე[4].

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ი. კოჭლამაზაშვილი აქვეყნებს საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს მოქმედი თავჯდომარის დეპუტატ ვ. მ. ბაქრაძის განცხადებას, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ არსებულმა სახალხო კომისარიატის საბჭომ თავისი მოვალეობა ამოწურა და იხსნის უფლებამოსილებას და რწმუნებულებას უმაღლესი საბჭოს წინაშე. უმაღლესი საბჭო შეუდგა სახკომსაბჭოს თავჯდომარის განცხადების განხილვას. კამათში გამოსულმა დეპუტატების ნაწილმა გააკრიტიკა არსებული სახკომსაბჭოს ზოგიერთი კომისარიატის მუშაობა, დასასრულს დეპუტატმა ა. ვ. ჯორბენაძემ შეიტანა წინადადება, რათა დეპუტატ ვ. მ. ბაქრაძეს მიენდოს მთავრობის შედგენა და მხედველობაში მიიღოს კამათში გამოსულ დეპუტატთა შენიშვნები[5].

11 ივლისს თბილისში გრიბოედოვის თეატრში შედგა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს I სესიის მეხუთე სხდომა.

სესიამ განიხილა საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს შედგენის საკითხი. დეპუტატმა ვ. ბაქრაძემ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა სახკომსაბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც სესიამ ერთხმად მიიღო:

  1. საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარე — ვალერიან ბაქრაძე;
  2. საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ დეკანოზოვი და გიორგი სტურუა;
  3. საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავჯდომარე — კონსტანტინე თარგამაძე;
  4. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი — სერგო გოგლიძე;
  5. კვების მრეწველობის სახალხო კომისარი — ვლადიმერ დეკანოზოვი;
  6. მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი — ლონგინოზ რუხაძე;
  7. სატყეო მრეწველობის სახლახო კომისარი — ზაქარია ჩხუბიანიშვილი;
  8. მიწათმოქმედების სახალხო კომისარი — სიმონ ხოშტარია;
  9. ფინანსთა სახალხო კომისარი — კონდრატი ციმაკურიძე;
  10. ვაჭრობის სახალხო კომისარი — სერგო დონაძე;
  11. იუსტიციის სახალხო კომისარი — სერგო დონაძე;
  12. იუსტიციის სახალხო კომისარი — ათანასე ჩხეტიანი;
  13. ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი — ონისიმე თოდაძე;
  14. ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი — გიორგი გორდეზიანი;
  15. განათლების სახალხო კომისარი — გიორგი კიკნაძე;
  16. კომუნალური მეურნების სახალხო კომისარი — ვახტანგ ლოლაძე;
  17. სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარი — გიორგი ელისაბედაშვილი;
  18. დამზადებათა სახალხო კომისარიატის რწმუნებული — ამბროსი ჭოლოკავა;
  19. კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული — იაკობ მონიავა;
  20. საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული — რაფიელ ელიგულაშვილი;
  21. ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი — ბენიამინ გოგუა.

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ასსრ-ის მშრომელთა დელეგაციის სახელით ხ. ს. ბგაჟბა, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა დელეგაციის სახელით თ. მანაგაძე. დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ ი. კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა, რომ სესიამ ყველა საკითხი ამოწურა და სესია დახურულად გამოაცხადა[6].

II სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 20 - 23 ივლისი, 1939 — II სესია (თბილისი)
  • 7 - 9 ივნისი, 1940 — III სესია (თბილისი)
  • 24 თებერვალი, 1941 — IV საიუბილეო სესია (თბილისი)
  • 8 - 10 აპრილი, 1941 — V სესია (თბილისი)
  • 3 იანვარი, 1942 — VI სესია (თბილისი)
  • 15 - 17 მარტი, 1944 — VII სესია (თბილისი)
  • 30 ივლისი - 1 აგვისტო, 1945 — VIII სესია (თბილისი)
  • 24 თებერვალი, 1946 — IX საიუბილეო სესია (თბილისი)
  • 5 - 8 აგვისტო, 1946 — X სესია (თბილისი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]