სანჩო ორდონიესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანჩო ორდონიესი
Sancho Ordóñez
გალისიის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 926
მმართ. დასასრული: 929
წინამორბედი: ალფონსო ფროილასი
მემკვიდრე: ალფონსო IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 895
გარდ. თარიღი: 929
მეუღლე: გოტუ მონიში
დინასტია: პერესები
მამა: ორდონიო II
დედა: ელვირა მენენდესი

სანჩო ორდონიესი (ესპ. Sancho I Ordóñez;; დ. დაახლ. 895 — გ. 929) — გალისიის მეფე 926 წლიდან, ლეონის მეფე ორდონიო II-ისა და ელვირა მენენდესის უფროსი ვაჟი, პერესების დინასტიის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

924 წელს ორდონიო II-ს სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო გადავიდა არა ვაჟიშვილების სანჩოს, ალფონსოს და რამიროს ხელში, არამედ მიიერთა უმცრომა ძმამ ფრუელა II-მ. ამრიგად ამ უკანასკნელის მიერ გაერთიანდა სამი სამეფო: ლეონი, გალისია და ასტურია. როდესაც 925 წელს ფრუელა II გარადაიცვალა, გამეფდა მისი ვაჟი ალფონსო ფროილასი. ამავე წელს ახალ მეფეს აუჯანყდნენ ორდონიო II-ს ვაჟები იმ მოტივით, რომ მათი მამა იყო ფრუელა II-ს უფროსი ძმა და ამიტომ ისინი იყვნენ ტახტის მემკვიდრეები. ეყრდნობოდნენ რა გალისიის თავად-აზნაურობას (რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე იყვნენ დაქორწინებული სანჩო და რამირო) და ეკლესიას (განსაკუთრებით სანტიაგო-დე-კომპოსტელას ეპისკოპოსს ხერმენგილდას) ასევე ნავარის მეფე სანჩო I გარსესის დახმარებას, ძმებმა ალფონსო ფროლაისი გააძევეს ლეონიდან.

სანჩომ უარი განაცხადა გვირგვინზე უმცროსი ძმის ალფონსოს სასარგებლოდ, რომელიც ტახტზე ავიდა ალფონსო IV სახელით. 926 წელს ძმებმა ალფონსო ფროილასი გააძევეს გალისიიდანაც. აქ გამეფდა სანჩო ორდონიესი. მისმა ძმამ რამირომ მიიღო ვიზეუს საგრაფო, რომელიც ექვემდებარებოდა გალისიის მეფეს. ალფონსო ფროილასი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა წაერთმია ორდონიო II-ს ვაჟებისთვის მამისეული მიწები, თუმცა უშედეგოდ.

გამეფების შემდეგ სანჩო I-მა გააგრძელა მამისეული პოლიტიკა, ამყარებდა კავშირებს თავად-აზნაურობასა და ეკლესიასთან. დღემდე შემონახულია სანჩო I-ისა და მისი მეუღლის გოტოს ხელმოწერილი რამდენიმე ქარტია, რომელშიც სამეფო წყვილი გადასცემს ან იღებს საჩუქრად გალისიის დიდებულებს სამფლობელოებს და ძვირფასეულობას. კიდევ უფრო მეტი დოკუმენტია შემონახული იმის დასტურად, თუ როგორ ასაჩუქრებს მეფე ეკლესია-მონასტრებს. განსაკუთრებით გულუხვი შესაწირია გაცემული სანტიაგო-დე-კომპოსტელასა და სანტა-მარია-დე-ლეონეს მონასტრის სახელზე. სანტა-მარია-დე-ლეონეს სასარგებლო ქარტია გასცა სამი სამეფოს გენერალურ სეიმზე, რომელიც ჩატარდა 927 წლის დეკემბერში სარიაში და ხელმოწერილია ძმების სანჩოს, რამიროსა და ალფონსო IV-ს მიერ.

სანჩო I ორდონესი დაქორწინდა გოტო მონიშზე (გოტო ნუნიესი; გარდაიცვალა არაუგვიანეს 963 წლის 1 მარტისა). იგი იყო გალისიელი არისტოკრატის მუნიუ გუტერეშისა და ელვირა არიაშის ასული, რომელიც თავისმხრივ იყო კოიმბრის გრაფის არიაშ მენდეშის ასული. ეს ქორწინება იყო უნაყოფო.

მეფე სანჩო I გარდაიცვალა 929 წლის ზაფხულში. მის შემდეგ გამეფდა მისი ძმა ალფონსო IV, რომელმაც კვლავ გააერთიანა ლეონი, გალისია და ასტურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rodríguez Fernández, Justiniano (1997). García I, Ordoño II, Fruela II, Alfonso IV. Burgos: Editorial La Olmeda. ISBN 84-920046-8-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]