სამკერდე ჯვარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამკერდე ჯვარი — ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს არ უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა); ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან. ჯვარი შეიძლება იყოს მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით, შეიძლება იყოს სადა, მაგრამ თუ ჯვარი გამოსახულებიანია, იგი შესრულებული უნდა იყოს კანონიკურად, ხატწერის წესების დაცვით. (მაგალითად ფეხები გადაჯვარედინებული არ უნდა ჰქონდეს და სხვა). ამრიგად, კუსტარული წესით დამზადებული ჯვრის შეძენა გაუმართლებელია. დასაშვებია ძვირფასი და ნახევრადძვირფასი, აგრეთვე, ორნამენტებით გამშვენიერებული ჯვრის ტარებაც. ნათლობის ჯვარი ქრისტიანისათვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს, რომელსაც დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამიტომ მისი ყოველდღიური ტარება საფრთხილოა, გირჩევთ, რომ იგი შეინახოთ ოჯახში სიწმინდეებთან ერთად და გაიკეთოთ განსაკუთრებულ დღეებში: დიდ დღესასწაულებზე — საზეიმო განწყობილების გამოსახატავად, ან მწუხარებაში — ნუგეშისათვის. ჩვეულებრივ კი, ქრისტიანმა მის სახელზე ნაკურთხი სხვა ჯვარი უნდა ატაროს. ჯვრის შეძენა შეიძლება ეკლესიაში; შეიძლება მისი ინდივიდუალური დამზადებაც მღვდლის ლოცვა-კურთხევით. სამკერდე ჯვარი უნდა ვატაროთ დაფარულად, ტანსაცმლის შიგნით, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება გულში გვაქვს დამარხული. ჯვართან ერთად ქრისტიანმა შეიძლება ატაროს ნაკურთხი მედალიონიც მაცხოვრის, ღმრთისმშობლის ან სხვა წმიდანის გამოსახულებით. ჯვრის და მედალიონის სამკაულად ტარება გაუმართლებელია.