რუსუდან სებისკვერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსუდან (მაცაცო ) სებისკვერაძე (დ. 2 აგვისტო, 1946 , ზესტაფონი) — ქართველი კომპოზიტორი.

რუსუდან სებისკვერაძე 1946 წელს, ზესტაფონში ტრადიციულად მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრაბი უბისას ეკლესიის მგალობლები ყოფილან. სწორედ ამ ეკლესიის ერთ-ერთი მონახულებისას, თამარ მეფეს უბოძებია სებისკვერაძის გვარი (სეფისკვერიდან). რუსუდან სებისკვერაძემ 1965 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის (ნიჭიერთა ათწლედი) საფორტეპიანო კლასი დაამთავრა. პროფესიული მუსიკალური განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერავტორიაში ასევე საფორტეპიანო კლასით მიიღო. მისი პედაგოგი როგორც დაწყებითი მუსიკალური განათლებისას, ასევე კონსერვატორიაში დოცენტი – ნათელა კენჭიაშვილი იყო. 1970-76 წლებში ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად (ფორტეპიანო) მუშაობდა. 1979-1998 წლებში ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მუსიკალურ ათწლედში ასევე ფორტეპიანოს პედაგოგი იყო. 1997-2004 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსიკალურ კონსულტანტად მიიწვიეს. 2005 – 2007 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. 1996 წლიდან კომპოზიტორთა კავშირის წევრია.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასზე, როგორც შემოქმედის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია რევაზ ლაღიძის სიმღერებმა, დიდი შთაბეჭდილების შედეგად, რუსუდან სებისკვერაძე სასიმღერო ჟანრის კომპოზიტორად მოგვევლინა. ჟანრობრივად მისი სიმღერები მრავალფეროვანია: პატრიოტული, სატრფიალო და საბავშვო. შემოქმედებითი შთაგონებისთვის აუცილებელია დადებითი ემოცია, ხოლო ამ ემოციას ხშირად კარგი ლექსის აღმოჩენა იწვევს. კომპოზიტორი თვლის, რომ ფასეული სიმღერის შექმნა დიდწილად ფასეული ლექსის მიგნებასთანაა დაკავშირებული. რუსუდან სებისკვერაძის სიმღერებში გამოყენებულია თითქმის ყველა დიდი ქართველი პოეტის ლექსი: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, მედეა კახიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ლილი ნუცუბიძე, დ. გვიშიანი, რევაზ ამაშუკელი, გ. ფერაძე, ზ. კუხიანიძე, გ. ალხაზიშვილი, თ. მღვდლიაშვილი, ჯ. გიორგაძე, ი. გურიელი, ც. ქიტიაშვილი, მურმან ლებანიძე, ლადო ასათიანი, იოსებ ნონეშვილი, გ. ჯოხაძე და მრ. სხვა. სასიმღერო ჟანრში მოღვაწეობა კონსერვატორიაში სწავლისას, 1966 წლიდან დაიწყო. პირველი სიმღერა მედეა კახიძის ლექსზე „მე ვარ ახლად გამომწვარი დედამიწა“ შეიქმნა. ამას მოჰყვა ისევ მედეა კახიძის „ვკეცე, ვკეცე“, რომელიც 40 წელია ცოცხლობს ქართულ ესტრადაზე. რუსუდან სებისკვერაძე სასიმღერო ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კომპოზიტორია, მას 350-ზე მეტი „ტრადიციული ქართული სიმღერა“ აქვს შექმნილი. ამათგან აღსანიშნავია: „საყვარელო მამულო“, „თბილისი ჩემი საფიცარია“, „პატარა ქალბატონი“, „ვერა“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“, და მ. რ. სხვა (იხილეთ ლინკი „შემოქმედების ჩამონათვალი“). ესტრადაზე, როგორც ავტორი, რუსუდან სებისკვერაძე 1966 წლიდან გამოჩნდა. 1983 წლიდან საავტორო კონცერტებს მართავს, სულ 60-ზე მეტი საავტორო კონცერტი აქვს ჩატარებული, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. მისი სიმღერები მუდმივად ჟღერს ტელევიზიითა და რადიოთი. წლების მანძილზე რუსუდან სებისკვერაძე აქტიურად თანამშრომლობს ქართული ესტრადის მომღერლებთან და ანსამბლებთან: ეთერ კაკულია, გოგი დოლიძე, ეკა მამალაძე, ნანი ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, ზაურ ბოლქვაძე, ანსამბლი „ქართული ხმები“, „რუსთავი“, „ფორტე“, „მზიური“, ტრიო: „პალიტრა“, „ჰარმონია“, „სიმი“, „თბილისი“ და მრ. სხვა. გამოცემულია რუსუდან სებისკვერაძის 6 სანოტო კრებული; 2 გრამფირფიტა, 4 აუდიო კასეტა და 2 CD.

„ყველაფერი კარგია, რასაც სიყვარულით გავაკეთებთ“. „ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია“. „ღმერთმა თქვენი მოსაწონი სიმღერები შემაქმნევინოს“. – რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]