რობერტ კეინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ კეინი

სერ რობერტ ჯონ კეინი (Sir Robert John Kane; დ. 24 სექტემბერი, 1809 — გ. 16 თებერვალი, 1890) — ირლანდიელი ქიმიკოსი.

მამამისი, ჯონ კინი (John Kean), 1798 წლის ირლანდიის აჯანყების მონაწილე იყო, რის გამოც დროებით საფრანგეთში მოუწია გახიზვნა, სადაც ქიმიას სწავლობდა. დუბლინში დაბრუნებულმა (ამ პერიოდისთვის გვარი კეინით ჰქონდა შეცვლილი) დააარსა კეინის კომპანია და გოგირდის მჟავას აწარმოებდა. ახალგაზრდა კეინი ქიმიას მამის ქარხანაში სწავლობდა, სადაც თავისი პირველი ნაშრომი "Observations on the existence of chlorine in the native peroxide of manganese" გამოაქვეყნა 1828 წელს. შემდეგ ის ჯერ მედიცინას სწავლობდა ტრინიტის კოლეჯში, დუბლინში, შემდეგ კი ფარმაკოლოგიას პარიზში.

მის მიერ გამოცემული წიგნის "პრაქტიკული ფარმაკოლოგიის ელემენტები" მეოხებით ის 1832 წელს ირლანდიის სამეფეო აკადემიის წევრად აირჩიეს. აქ ის იკვლევდა მჟავებს, დაამტკიცა, რომ წყალბადი ელექტროდადებითი იყო და ასევე წარმოადგინა ჰიპოთეზა ეთილის რადიკალის არსებობის შესახებ. 1836 წელს ის გისენში (გერმანია) გაემგზავრა, სადაც ორგანულ ქიმიას სწავლობდა იუსტუს ფონ ლიბიგთან.