პორტალი:სამეგრელო/რჩეული სტატია/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, სადაც მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი, გაშენებულია გასულ საუკუნეში, დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი. ზოგიერთი ხე ბაღში 200 წლისაა და მთელს ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს.

იონა მეუნარგიას, რაფიელ ერისთავის, ვ. მირზანაშვილის, ბოროზდინის, ი. გოგიასა და სხვათა ცნობით, როდელას დავით დადიანმა მიიღო მამის, სამეგრელოს მთავრის ლევან V-გან ხელისუფლება 1840 წელს – სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და დააწესა სპეციალისტ მებაღეთა მუდმივი შტატები.

მალე ბაღისადმი ზრუნვა და მისი მართვა–გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანს. ეკატერინემ უდიდესი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ მეტად კეთილშობილურ საშვილიშვილო საქმეს და შექნმა ულამაზესი ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი. ამის შემდეგ იონა მეუნარგია აღნიშნავს: ,,მისსავე (იგულისხმება ეკატერინე ჭავჭავაძე) პირად შრომას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას ამიერკავკასიაში არსებულ ბაღებს შორის ყველაზე საუკეთესო – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.გამოეწერა ამისათვის საჭირო თესლეული და ხეების ნერგები მეფის ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და მართლაც გააშენა ისეთი ბაღი, რომლის ბადალიც არ მოიპოვება კავკასიაში". (სრულად...)