პოლ მორფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ მორფი

პოლ მორფი (ინგლ. Paul Charles Morphy; 22 ივნისი, 183710 ივლისი, 1884) — ამერიკელი მოჭადრაკე, პირველი არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონი. მას ხშირად ჭადრაკის "სიამაყე და წუხილი" ეწოდება, რადგან ბრწყინვალედ თამაშობდა ჭადრაკს, მაგრამ სამწუხაროდ მისი კარიერა ცოტა ხანს გაგრძელდა. პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი 1886 წელს ჩატარდა, თუმცა 1858-1860 წლებში მორფი უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე იყო, მას მერე რაც დაამარცხა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკე ადოლფ ანდერსენი ანგარიშით +7 -2 =2(ანუ შვიდი მოგება, ორი წაგება და ორი ფრე). მსოფლიო ჩემპიონმა ბობი ფიშერმა მას ჭადრაკის ისტორიაში "ყველაზე ზუსტი მოთამაშე" უწოდა და თქვა, რომ "მორფის დღეს რომ ეცხოვრა, მაინც ყველას მოუგებდა". ასევე, მსოფლიო ჩემპიონმა მიხაილ ბოტვინნიკმა მას უწოდა "შეუდარებელი ოსტატი გახსნილი თამაშისა". პოლ მორფი საუკეთესო წარმომადგენელია ჭადრაკის რომანტიკული ერისა - მაშინ როდესაც დაცვაზე ნაკლებად კეთდებოდა აქცენტი და ფიგურების შეწირვით ლამაზ კომბინაციებს აკეთებდნენ. ვილჰელმ სტეინიცის შემდგომ, მეტი ყურადღება დაეთმო თავდაცვით თამაშს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ მორფი დაიბადა ნიუ ორლეანში, ლუიზიანას შტატში, მდიდარ ოჯახში. მისთვის ჭადრაკი არავის უსწავლებია. ერთხელ, როდესაც უყურებდა მამისა და ბიძიას მატჩს, რომელიც ფრედ დამთავრდა, ჩაერია და განაცხადა, რომ ბიძამისს მოგება შეეძლო რითიც ორივენი განაცვიფრა. ამის შემდეგ ოჯახმა დააფასა მისი ტალანტი და ხშირად უწყობდნენ ხელს რომ სხვებთანაც ეთამაშა. 9 წლის ასაკში უკვე საუკეთესო მოთამაშე იყო ნიუ ორლეანში. 1846 წელს, გენერალი ვინფილდ სკოტი ეწვია ქალაქს და განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა ჭადრაკს ძლიერ ოპონენტთან. თუმცა მას შემდეგ, რაც მას 9 წლის მორფი მიჰგვარეს, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ეგონა დასცინოდნენ. მორფიმ ორივე მატჩი მოუგო, რის მერეც სკოტი ისე განაწყენდა, რომ დაიფიცა მეტჯერ მას აღარ ეთამაშებოდა.

1850 წელს ძლიერი უნგრელი მოჭადრაკე იოჰან ლოვენთალი ეწვია ახალ ორლეანს. როდესაც მას წინ 12 წლის მორფი დაუჯდა სათამაშოდ, იფიქრა რომ ეს ყველაფერი დროის ფუჭი კარგვა იყო და მას თავზე ხელიც კი გადაუსვა რათა გამოეხატა მისდამი დამოკიდებულება. მათ სამი თამაში ითამაშეს და მორფიმ სამივე მოიგო.

სკოლა და პირველი ამერიკული საჭადრაკო კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850 წლის მერე, მორფის ჭადრაკი კარგა ხანს არ უთამაშია. მთელი დრო სწავლას დაუთმო და 1854 წელს სპრინგ ჰილის კოლეჯი დაამთავრა. შემდეგ დარჩა იქ კიდევ ერთი წელი რათა მათემატიკა და ფილოსოფია შეესწავლა. 1855 წელს მას უკვე ჰქონდა მაგისტრატურის დიპლომი მაშინ როდესაც მხოლოდ 18 წლის იყო.

შემდეგ მან ჩააბარა ლუისიანას უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე რისი დამთავრების მერეც, 1857 წელს უკვე ჰქონდა დიპლომი სამართლის განხრით. ამბობენ, რომ საბოლოო გამოცდებისთვის მან მთლიანად დაიზეპირა ლუიზიანას კანონმდებლობა.

თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი კარიერის დასაწყებად, რადგან იგი ჯერ კიდევ პატარა იყო მუშაობისათვის. ამიტომ თავისუფალი დროის გამო ბიძამ მორფის შესთავაზა პირველ ამერიკულ საჭადრაკო კონგრესში მიეღო მონაწილეობა. ხანმოკლე წინააღმდეგობის შემდეგ მორფი დათანხმდა და ტურნირში ყველა მოწინააღმდეგეს მოუგო.

დასამახსოვრებელი მატჩია აუცილებლად მისი მოგება ლუის პაულსენთან, როდესაც დედოფალი შესწირა გამანდგურებელი შეტევის დასაწყებად.[1]

მთლიანობაში, მორფის შედეგი 1857 წელს იყო 87 მოგება, 8 ფრე და 5 წაგება.

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ მორფი, ლოვენთალის წინააღმდეგ (1858)

მიუხედავად წარმატებებისა, მორფის არ იცნობდნენ ევროპაში, რის გამოც მთავრობამ გადაწყვიტა მორფის გაშვება რათა იქაც ესახელებინა ამერიკა. თუმცა არ იყო ადვილი ამ ყველაფრის შესრულება. ევროპის ჩემპიონი ჰოვარდ სტონტონი არ აპირებდა ამერიკაში ჩამოსვლას, ხოლო მორფის ოჯახი წინააღმდეგი იყო მისი გაშვების.

საბოლოოდ პოლ მორფიმ მოახერხა ოკეანის გადაკვეთა და გამოიწვია ჰოვარდ სტონტონი საჭადრაკო დუელში. თუმცა, როდესაც ნახა სტონტონმა თუ როგორ გაანადგურა თამაშებში მორფიმ ბევრი ინგლისელი მოჭადრაკე, ყველანაირად ცდილობდა აერიდებინა მატჩისთვის თავი. პოლი დიდხანს ელოდა სტონტონს და ბოლოს გადაწყვიტა საფრანგეთში ჩასულიყო და იქ ეთამაშა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკეებთან.

პარიზში ჩასვლისას მან მოუგო ქალაქის კლუბის საუკეთესო მოჭადრაკეს, დანიელ ჰორვითზს. აღსანიშნავია ის, რომ მორფის ძალიან უყვარდა ოპერა. თუმცა ერთხელ, როდესაც გაფაციცებით უსმენდა წარმოდგენას, ორმა ფრანგმა გენერალმა გამოიწვია იგი ჭადრაკის სათამაშოდ. მორფიმ უსწრაფესად, 17 სვლაში მოუგო ორივეს ლამაზი კომბინაციით, როდესაც საკუთარი ფიგურების უმეტესობა შესწირა და დარჩენილი ორით მატი ჩაუსვა. ამ თამაშს დღეს "ოპერის თამაში" ეწოდება. ასევე აღსანიშნავია მისი მატჩები(რომლებშიც მან გაიმარჯვა) ერთდროულად რამდენიმე ოპონენტთან, ოღონდ თვალებახვეული.

სწორედ ამ დროს იგი მატჩში გამოიწვია ევროპის საუკეთესო მოჭადრაკემ, ადოლფ ანდერსენმა, რომელსაც მოგებული ჰქონდა მატჩი სტონტონთან და ჩემპიონად ის ითვლებოდა. თუმცა სამწუხაროდ მორფის ნაწლავური დაავადება შეეყარა და მძიმე ავადმყოფს მოუწია თამაში. პირველი ორი მატჩი მორფიმ წააგო, რადგან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა; საწოლიდანაც კი ვერ დგებოდა, რადგან ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იყო. იგი ზეპირად კარნახობდა სვლებს რაც უნდა ეთამაშათ. ანდერსენი თავს მშვიდად გრძნობდა, თუმცა მოულოდნელად მორფიმ სასწაული შეძლო - მან 5 მატჩის ზედიზედ მოგება მოახერხა და ანდერსენი იოლად დაამარცხა ანგარიშით +7 -2 =2. ამ შერკინებაში აღსანიშნავია ორი მატჩი. პირველი, როდესაც მორფიმ ეტლი შესწირა და საბოლოოდ მატჩი 23 სვლაში მოიგო[2] და შემდგომი მატჩი როდესაც მორფიმ ოფიცერი შესწირა რათა ლამაზი კომბინაციით გამანდგურებელი იერიში მიეტანა ანდერსენის მეფეზე და 17 სვლაში მოიგო.[3] ამ მოგებით პოლ მორფი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორფი 1859 წელს

21 წლის მორფი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო. მაშინ როდესაც იგი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა, ესტუმრა ვიღაც უცხო, რომელმაც მიმართ: "მე ვარ პრინცი გალითზინი; ბატონი მორფის ნახვა მინდა." როდესაც მას მორფისკენ მიუთითეს, თვალებს არ დაუჯერა და შეიცხადა: "არა, შეუძლებელია, ძალიან პატარა ხარ." ამის შემდგომ მან იგი რუსეთში, სანქტ- პეტერბურგში, ზამთრის იმპერიული სასახლეში დაპატიჟა.

ევროპაში მორფის უკვე მსოფლიო ჩემპიონად აღიქვამდნენ. პარიზში მის სახელზე ბანკეტი მოეწყო და მისი ქანდაკებაც გამოიჭრა. ამის შემდეგ მორფი ლონდონში დაბრუნდა და დედოფალ ელიზაბეტს ესაუბრა.

იმდენად ძლიერი იყო უკვე მორფი, რომ ჰანდიკაპის(მორფი ფიგურით ან სვლით ნაკლებით იწყებდა თამაშს) გარეშე თითქმის არავინ ეთამაშებოდა. სწორედ ამ დროს იგი ერთდროულად ხუთ ევროპის გამორჩეულ მოჭადრაკეს ეთამაშა - მოუგო ჟიულს არნოს რივიერს და ჰენრი ბერდს, ფრე დაამთავრა სამუელ ბოდენთან და იოჰან ლოვენთალთან და წააგო მხოლოდ თომას ბარნსთან.

ამერიკაში დაბრუნებისას იგი დიდი პატივით მიიღეს. პრეზიდენტ მარტინ ვან ბუურენის შვილმა, ჯონ ბუურენმა იგი სახალხოდ აღიარა საუკეთესო მოჭადრაკედ, რომელმაც ასახელა ამერიკის შეერთებული შტატები.

ჭადრაკის მიტოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წელს, ყველა ოპონენტი დაამარცხების შემდეგ, მორფიმ დაიფიცა რომ ჭადრაკს პროფესიონალურად აღარასდროს მიუბრუნდებოდა. ამაში გარკვეული წვლილი ოჯახმაც ითამაშა, რადგან ეს გარკვეულწილად დედამისის ინიციატივა იყო.

ამ დროს დაიწყო ამერიკის სამოქალაქო ომი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომია, ნახევარ მილიონზე მეტი მსხვერპლით. ომის შემდეგ მორფიმ ვერ შეძლო სამართლებრივი კარიერის აწყობა, ხოლო ჭადრაკს აღარ მიბრუნებია ბევრი ხვეწნის მიუხედავად.

სიკვდილამდე რამდენიმე მატჩი მაინც ითამაშა მორფიმ. ერთ-ერთი იყო საოცარი თამაში ჩარლზ მაურიანთან, რომელსაც თავიდან ჰანდიკაპით ეთამაშებოდა, თუმცა შემდგომ თანაბარ მატჩებზე დათანხმდა. ამ თამაშში მორფიმ მხედარი შესწირა და 16 სვლაში დაამარცხა მაურიანი.[4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წლის 10 ივლისს, მორფი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ აბაზანაში, მაშინ როდესაც 47 წლის იყო. აუტოპსიის შედეგად დადგინდა, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც გამოიწვია ცივ წყალში ბანაობამ შუადღის სიცხეში სიარულის შემდეგ.

მორფის შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"'ითამაშა როგორც მორფიმ'". ამაზე უკეთესი შექება რა შეიძლება იყოს?" - სევილი ტარტაკოუერი.

"თუ გენიოსის განმასხვავებელი ფაქტორი არის ის, რომ თავის დროს ბევრით უსწრებდეს, მაშინ მორფი იყო ჭადრაკის გენიოსი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით" - მაქს ეუვე.

"იგი თამაშობდა 'სუფთა ჭადრაკს', სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით." - ვასილი სმისლოვი.

"დღეს პოპულარულია აზრი, რომ ვითომ მორფი თუ დაბრუნდებოდა დღევანდელ სამყაროში და ითამაშებდა ეხლანდელ მოთამაშეებთან, იგი წაგებული დარჩებოდა. არაფერია სიმართლისგან ისე შორს, როგორც ეს განცხადება. მატჩში, მორფი ყველა ცოცხალს მოუგებდა დღეს." - ბობი ფიშერი.

"მანათობელი კომბინაციები ამ ჭადრაკის გენიოსისა შეიძლება შევადაროთ მოცარტის მუსიკას" - ანატოლი კარპოვი.

"მორფი იმდენად უსწრებდა თავის დროს, რომ დაახლოებით მეოთხედი საუკუნე დასჭირდა მისი თამაშის ტექნიკის აღმოჩენას და ფორმულირებას." - გარი კასპაროვი.

"დღემდე, მორფი ითვლება შეუდარებელ ოსტატად გახსნილი თამაშებისა. რამხელა იყო მისი მნიშვნელობა იქიდანაც ჩანს, რომ მორფის შემდგომ ამ სფეროში არაფერი არ შექმნილა." - მიხეილ ბოტვინნიკი.

"ზოგადად საკმაოდ დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ყველაზე გენიალური ადამიანები ჭადრაკში - მორფი, პილსბური, კაპაბლანკა და ფიშერი - ყველანი ამერიკაში დაიბადნენ." - გარი კასპაროვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევიდ ლოსონი - "პოლ მორფი - ჭადრაკის სიამაყე და წუხილი".
  • ფ.მ. გედჯი - "პოლ მორფი - ჭადრაკის ჩემპიონი"

აქ მოყვანილი საჭადრაკო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]