პატარა ჯიხაიშის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა ჯიხაიშის განძივერცხლის მონეტებისა და ნივთების განძი. აღმოჩნდა 1946 წელს სოფელ პატარა ჯიხაიშში. ჩვენამდე მოაღწია 18 მონეტამ. განძის დიდი მეცნიერული მნიშვნელობა ისაა, რომ მასში შედის იმერეთის მეფის გიორგი II-ის (1565-1585) სახელით მოჭრილი 5 ქართული მონეტა, რომელთა ზუსტი ატრიბუცია შესაძლებელი გახდა ამ განძის აღმოჩენის შემდეგ.

აღნიშნული მონეტები 3 ტიპად იყოფა:

  • I ტიპი — შუბლზე სქემატურადაა გამოსახული წვერულვაშიანი მამაკაცის თავი ფასში, ზურგზე - ქართული ასომთავრული წარწერა: „მეფე გიორგი“;
  • II ტიპი — შუბლზე ორსტრიქონიანი წარწერაა: „მეფეთა მეფე“; ზურგზე — „მეფე გიორგი“;
  • III ტიპი — შუბლზე ადამიანის თავის მარცხენა პროფილია, შუბლთან — ასომთავრულად „გ“, ზურგზე — მარცხნივ მიმართული რომელიღაც ცხოველის გამოსახულება.

განძის შემადგენლობაში შედის აგრეთვე 1574 წელს (ჰიჯრით 982) მოჭრილი 4 თურქული ახჩა და სინქრონული 9 ირანული მონეტა და მათი მინაბაძები.განძი ჩაფლული უნდა იყოს XVI საუკუნის II ნახევარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 710.
  • ლომოური თ., პატარა-ჯიხაიშში აღმოჩენილი XVI საუკუნის განძის გამო, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1953, ტ. 17 B.