პატარა ჩაილურის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა ჩაილურის წმინდა მარინეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის აღმოსავლეთით, საღორისხევისა და დვრინისხევს შორის, მადალმთაზე, ტყეში. სავარაუდოდ, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (4,25x3,5 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია მოზრდილი ზომის, სრულიად დაუმუშავებელი ქვითა და კირის ხსნარით. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია გადახურვა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ზედა ნაწილები აკლია. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილია თითო დაბალი, ოთხკუთხა სარკმელი, რომლებსაც პარალელური წირთხლები აქვს. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ბოლოსთან პატარა ოთხკუთხა ნიშია. 1980-იანი წლების ბოლოს, ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შიფრის ორკალთა სახურავით გადაუხურავს, რომლის ხის ჩონჩხის დასაყრდნობად, ალაგ-ალაგ შემორჩენილ კედლებზე, ტლანქად ნაწყობი აგურის სვეტები აუგიათ. ამჟამად ეკლესია სამხრეთ მხარეს მთლიანად გახსნილია. ძველი, სამხრეთ კედლის გადაქცეული ნაწილი კი იქვე აგდია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]