პარაიმოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


პარაიმოსი (ან პორაიმოსი, ბოშების ენაზე "განადგურება") — ბოშების გენოციდის პოლიტიკა ნაცისტურ გერმანიაში; ტერმინი შექმნეს თავად ბოშებმა და XX საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გახდა. პარაიმოსი ერთ რიგში დგას ჰოლოკოსტთან – ნაცისტების მიერ ებრაელთა განადგურებასთან. პარაიმოსთან დაკავშირებით სტატისტიკურ გამოკვლევათა რიცხვი პატარაა, ამიტომაც დაღუპულ ბოშათა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით მათი რიცხვი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ათას ადამიანს უტოლდება.

ნაცისტური რასობრივი თეორიისთვის ბოშათა არსებობა საშიში იყო. ეს ძირს უთხრიდა გერმანელთა რასობრივ სიწმინდეს. მართალია ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით გერმანელები წმინდა არიული რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ინდოეთიდან იყვნენ, ბოშები გაცილებით ახლო იყვნენ ნათესაურად ინდოსტანის ნახევარკუნძულის ძირძველ მოსახლეობასთან. ნაცისტურმა თეორიამ ადვილად იპოვა გამოსავალი – ბოშები შერაცხეს არიული ტომებისა და დაბალი განვითარების ერების შეჯვარების შედეგად მიღებულ ერად, რაც ხსნიდა მათი მომთაბარეობისა და ასოციალობის საკითხს. სპეციალურმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა გერმანული ერიდან "ბოშობის" გამოყოფისა.

1936 წლის მარტიდან ბოშებზე იქნა გავრცელებული მოქალაქეობისა და რასის ნიურნბერგის კანონები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ებრაელებზე ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც ბოშებს აეკრძალათ გერმანელებთან ქორწილი, არჩევნებში მონაწილეობა, ასევე ჩამოერთვათ მესამე რაიხის მოქალაქეობა.

ბოშათა განადგურება დაიწყო სტერილიზაციით. 1941 წლიდან დაიწყო ბოშების მასირებული დახვრეტა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 1943 წლიდან კი – განადგურება საკონცენტრაციო ბანაკებში.