ოქუმის ფარდული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქუმის ფარდული — არქეოლოგიური ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუმურიშიდან 12 კმ-ში, მდინარე ოქუმის ხეობაში. ძეგლი გაითხარა 1968-1970 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შავიზღვისპირეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.

ოქუმი კლდოვან ფარდულთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი კარსტული წარმოშობისაა. გამოქვაბულის ფართობია 8 x 5 კვმ. შესასვლელი სამხრეთ- აღმოსავლეთიდან აქვს. დადგინდა 8 კულტურული ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 1,5 მ. ქვედა ჰორიზონტი პალეოლითურ ნიშნებს შეიცავს. ზემოთა — VI და II ფენები შეცემენტებული ბრეკჩიებია, ხოლო მათ შორის მოთავსებულია ჰუმუსივანი შავი და ნაცრისფერი ნიადაგი, რომელიც ენეოლითური კულტურულ ნაშთებს შეიცავს. ფენის სიმძლავრეა 15-20 სმ. მიუხედავად იმისა, რომ ფენა თხელია და მასალასაც შესაბამისად მცირერიცხოვანი, მისი სტრატიგრაფიული მდებარეობა ორ ბრეკჩიის ფენას შორის ამ მცირე მასალას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მონაპოვარი წარმდგენილია კერამიკით, ქვისა და კაჟის იარაღ-ანატკეცებით. ძვლისა და რქის იარაღის აღმოჩენის ფაქტი არ ყოფილა.

კერამიკა ხელით ნაძრეწია, სუსტად გამომწვარი, შლადი, მურამოვარდისფრო ან ლეგა-მონაცრისფრო. გვაქვს ერთფრად გამომწვარი, ასევე ორ და სამფენიანი ფრაგმენტებიც.

გამოირჩევა ყურმოყრილი ჯამები, ყელიანი ქოთნები და ქილების ფორმები. ჭურჭელთა უმეტესობა ანგობირებულია და სუსტად ნაპრიალები. შემკულობა იშვიათია და წარმოდგენილია წერტილ-ფოსოებით. პირის ქვეშ, ან ამოკაწრული გემოეტრიული ხაზებით მხარზე.

ქვის იარაღებიდან აღსანიშნავია სატეხის ნამზადი და რიყის ქვის საპრიალებელი შუაში ღარით.

ქვის იარაღებიდან საყურადღებოა მიკროლითები: ორი ტრაპეცია. სეგმენტი, ზურგდაბლაგვებული ლამელაა. გარდა ამისა, კომპლექსშია თავსწორი და რეტუშირებული ლამელებიც (5 ც); საფხეკები უპირატესად ანატკეცებზეა ჩამოყალიბებული (12 ც) და რეტუში მრავალ ნაწილს შემოუყვება. არის ნუკლეუსზე დამზადებული სახოკიც. ბევრია წარმოების ნაშთები ქერცლისებული ანატკეცების სახით, რაც გვიჩვენებს, რომ იარაღის ადგილზე კეთდებოდა.

პარალელური მასალების საფუძველზე ოქუმის ფარდულის მასალები ენეოლითის ხანით არის განსაზღვრული. მასალები ინახება გალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქეოლოგია, ტ. II, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1992, გვ. 261-262.