მიგელ დე უნამუნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიგელ დე უნამუნო 1925 წელს

მიგელ დე უნამუნო (ესპ. Miguel de Unamuno; დ. 29 სექტემბერი, 1864 — გ. 31 დეკემბერი, 1936) — ესპანელი ესსეისტი, ნოველისტი, პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ფელიქს დე უნამუნოსა და სალომე იუგოს ვაჟი მიგელი ბილბაოს შუასაუკუნოვან ცენტრში, ბასკეთში დაიბადა. სიჭაბუკეში ბასკურმა ენამ დააინტერესა და ბილბაოს ისტიტუტში სასწავლო მდგომარეობის კონკურენციასაც ეწეოდა საბინო არენას წინააღმდეგ. შეჯიბრი საბოლოოდ ბასკმა სწავლულმა რეზურექსიონ მარია დე ასკუემ მოიგო. უნამუნომ ყველა მთავარი ჟანრი სცადა: ესსეისტიკა, რომანი, პოეზია და დრამატურგია, და როგორც მოდერნისტმა სცადა ჟანრებს შორის მკვეთრი საზღვრები გაექრო. დღემდე გრძელდება დებატები იყო თუ არა უნამუნო '98-იანთა თაობის წევრი (ესპანეთის პოსტ ფაქტო ინტელექტუალ და ფილოსოფოს ლიტერატორთა ჯგუფი, რომელიც ხოსე მარტინეს რუისმა შექმნა, მაგალითად : ანტონიო მაჩადო, აზორინი, პიო ბაროჯა, რამონ დელ ვალე-ინკლანი, რამირო დე-მაეცუ და ანგელ გავინე მათ შორის.

სამწერლობო საქმიანობას უნამუნო ესპანეთის ინტელექტუალურ ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს უხამებდა. ის სალამანკას უნივერსიტეტის რექტორად ორჯერ იქნა არჩეული 1900-დან 1924 წლამდე და 1930-დან 1936 წლამდე. ეს პერიოდი ესპანეთში დიდი სოციალურ-პოლიტიკური ვნებათაღელვის ხანად მოიხსენიება. უნამუნო პოსტიდან 1924 წელს მთავრობამ გადააყენა დანარჩენი ინტელიგენციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის გამო. ის 1930 წლამდე დევნილობაში ცხოვრობდა ფუერტევენტურაში (კანარის კუნძულები) საიდანაც საფრანგეთს შეაფარა თავი. უნამუნო სამშობლოში გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატორობის დასასრულ დაბრუნდა და რექტორის თანამდებობაც დაიბრუნა. გადმოცემის თანახმად, უნივერსიტეტში დაბრუნების დღეს ლექციის დასაწყისში უნამუნოს თავისი გამოსვლა ამ ფრაზით დაუწყია : „როგორც გუშინ ვამბობდით...“.

რივერას დიქტატურის დამხობის შემდეგ ესპანეთმა მეორედ გამოაცხადა რესპუბლიკა, რაშიც ესპანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ სცადა ხელთ აეღო საკუთარი ქვეყნის მართვის დემოკრატიული სადავეები, თუმცა, მცდელობა დღენაკლული აღმოჩნდა. უნამუნო ინტელექტუალთა მცირე პარტიის - Al Servicio de la República-ის (რესპუბლიკის სამსახურში) წევრი გახდა. აყვავების პირზე მყოფი რესპუბლიკა ლამის დაქუცმაცდა, როდესაც სამხედრო გადატრიალების შედეგად სათავეში მოსულმა გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ სამოქალაქო ომის ესკალაცია გამოიწვია. ინტერნაციონალისტური იდეებით დაწყებული კარიერა უნამუნომ თანდათან ვიწრო ნაციონალიზმზე გაცვალა, რადგან მიაჩნდა, რომ საგარეო ფაქტორთა მოძალება ესპანეთს თვითმყოფადობას გაუნადგურებდა. ამგვარად, რაღაცა დროით უნამუნო კიდევაც მიესალმებოდა ფრანკოს ამბოხებას, როგორც აუცილებელს ესპანეთის გარე ძალთაგან დაცვის საქმეში.

ფილოსოფიური შეხედულებები[რედაქტირება]

1880-90 წლებში უნამუნო ბაკუნინის, ლასალიას, მარქსის სოციალისტურმა იდეებმა გაიტაცა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტურ ყოველკვირეულში „ლუჩა დე კლასე“ (კლასობრივი ბრძოლა). 1898 წელს, სამი წლის ვაჟის მენინჰიტის ინფექციით გარდაცვალებით გამოწვეული რელიგიური კრიზისის შემდეგ, სოციალიზმს ჩამოსცილდა და ფილოსოფიური კონცეფციის შემუშავებას მიჰყო ხელი. დიდი გავლენა იქონია უნამუნოზე ავგუსტინის შემოქმედებამ და იდეებმა, დაეწაფა შუასაუკუნეების ესპანელ მისტკოსებს, გატაცებით კითხულობდა ბ.პასკალსა და ს. კერკეგორას, რისთვისაც მან დანიური შეისწავლა ტექსტების ორიგინალში საკითხავად.

ვაჟის დაღუპვა დონ მიგელმა აღიქვა როგორც მსოფლიო ტრაგედია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს მარადიულად სურს ცხოვრება, მაგრამ არ ძალუძს. 1897 წლიდან დაწყებული და მთელი მისი შემოქმედების მანძილზე მის ნაწარმოებებში შეიმჩნევა ფიქრი რწმენასა და ურწმუნობაზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე, მის ყველა ტექსტს ტრაგიკული ნოტა გასდევს.

უნამუნო ავითარებს ღმერთის იდეას როგორც ფუნდამენტური ყოფიერების წყურვილის პროექციას უნივერსუმის უსასრულობასა და პირადი უნივერსუმისა და პირადი უკვდავების გარანტიაზე. უკვდავების რწმენის შენარჩუნების სურვილმა და ამავდროულად რელიგიურ ჭეშმარიტებებში დაეჭვებამ განსაზღვრა უნამუნოს მისწრაფება ე.წ. "კიჰოტიზმისკენ" , ანუ არარსებული იდეალის სახელით ბრძოლისაკენ რასაც გონება უაზრობად აღიქვამს. უნამუნოს ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა - პიროვნების სულიერი ცხოვრებაა, რომელიც, მისი აზრით, მიმართულია სასრულისა და უსასრულოს წინააღმდეგობრიობაზე: პირადი უკვდავების სურვილს ეწინააღმდეგება რაციონალისტური დარწმუნებულობა არსის მოკვდავობაში, რწმენის მოთხოვნილებას კი - თანამედროვე გონებისთვის რწმენის შეუძლებლობაში.

უნამუნოს "აგონიის" ცნება შემოაქვს, როგორც ცხოვრების განსაკუთრებით ტრაგიკული აღქმა, რაც გონისა და რწმენის შეურიგებელი დუალიზმით არის გამოწვეული. ("ხალხისა და ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკული შეგრძნების შესახებ" 1913, "ქრისტიანობის აგონია" 1924.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: