მეორე ობჩის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკლესიის ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

მეორე ობჩის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში.

ეკლესია გუმბათიანია. გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით დასრულებულია სამმაგი ნახევარწრიულად შვერილი აფსიდით. დასავლეთით თაღედიან კარიბჭეზე მდგომი ღია ფანჩატურიანი სამრეკლო აქვს მიდგმული. ეკლესია დგას სამსართულიან ცოკოლზე. კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, სქელ დუღაბზე. ფასადები მოპირკეთებულია ეკლარის მოყვითალო თლილი კვადრებით. ეკლესიის შიდა სივრცე დანაწევრებულია ოთხი სვეტით, რომლებზეც რვაწახნაგა გუმბათია აღმართული. გუმბათის ყელი ეფუძნება სვეტების კაპიტელებიდან გრძივად და განივად გადასულ ნახევარწრიულ თაღებს. აფსიდის სატრიუმფო თაღი აფსიდის წინ მდგარ ოთხკუთხა სვეტების კაპიტელებს ეყრდნობა. გვერდითი აფსიდების მცირე თაღები კი ამ სვეტებსა და კედლების პილასტრების იმპოსტებს. აფსიდის კონქები ამოყვანილია ქვის რადიუალური რიგებით. საკურთხევლის წინ ცენტრში ორსაფეხურიანი სოლეაა მოწყობილი. ეკლესიას თითო ფასადზე თითო თაღოვანი შესასვლელი აქვს, სულ სამი. შესასვლელებზე სარკმლებია გაჭრილი. დამატებით ორ-ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია სიმეტრიულად დატანილი შესასვლელების გვერდებზე. დასავლეთ მხარეს – ორი ცრუ სარკმელია. აფსიდის თითო შვერილში გაჭრილია თითო მაღალი თაღოვანი სარკმელი. სამსართულიანი სამრეკლოს პირველი სართულს თაღებით გახსნილი კარიბჭე წარმოადგენს, მეორე სართულზე დახურული სათავსოა მოწყობილი, ხოლო მესამე სართულზე თაღებით გახსნილი ფანჩატურია. დასავლეთ კედელშივეა მოწყობილი სამრეკლოზე ასასვლელი კიბის უჯრედი. რვაწახნაგა გუმბათში რვა სარკმელია გაჭრილი, გუმბათზე თუნუქის მცირე ზომის ჯვარია აღმართული. ეკლესიის საბურავი თუნუქისაა. ტაძრის მორთულობა სადაა. ეკლესიის ოთხივე კედელი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. ტაძრის დასავლეთ ფასადზე კი ქვის ჩაკვეთილი წყობით გამოყვანილია სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის ორნამენტები და ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 15869