მელბურნის საპყრობილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელბურნის საპყრობილე
37°48′29″ ს. გ. 144°57′55″ ა. გ. / 37.80806° ს. გ. 144.96528° ა. გ. / -37.80806; 144.96528
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
მდებარეობა City of Melbourne
ოფიციალური საიტი https://www.oldmelbournegaol.com.au/
Map

მელბურნის ძველი საპყრობილე - ყოფილი საპყრობილე და ამჟამად მუზეუმი მელბურნში, ვიქტორიას შტატში, ავსტრალიაში. მუზეუმი შედგება ბაზალტისგან აგებული შენობისა და ეზოსგან. მდებარეობს რასელის ქუჩაზე, ქალაქის ძველი საპოლიციო სათვალთვალო სახლისა და სასამართლოს შენობების მახლობლად. საპყრობილის მშენებლობა 1839 წელს დაიწყო და 1845 წლიდან 1924 წლამდე საპყრობილის ფუნქციას ასრულებდა, რომელშიც ავსტრალიის ყველაზე ცნობილი სამართალდამრღვევები იხდიდნენ სასჯელს, მათ შორის: ბუშრეინჯერი ნედ კელი და სერიული მკვლელი ფრედერიკ ბეილი დიმინგი. საერთო ჯამში საპყრობილეში 133 ადამიანი დასაჯეს ჩამოხრჩობით. საპყრობილეს მცირე ხნით იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, ტუმცა ფორმალურად მოქმედება 1924 წელს შეწყვიტა. შენობა მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის შემადგენლობაში შევიდა და მუზეუმად გადაკეთდა.

მუზეუმის სამ განყოფილებაში პატიმრებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მქონე ექსპონატები და სუვენირებია გამოფენილი, მათ შორის, სიკვდილით დასჯილ კრიმინალთა დასაკრძალი ნიღბები. ერთ დროს მუზეუმში ნედ კელის თავის ქალა იყო გამოფენილი, რომელიც 1978 წელს მოიპარეს და კოლინ კემპბელ როსის ფანქარი, რომელიც სიკვდილით დასჯამდე საკუთარი უდანაშაულობის შესახებ წერილის დასაწერად გამოიყენა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელბურნის ძველი საპყრობილე 1922 წლისთვის
საპყრობილის ერთ-ერთი შესასვლელი
საპყრობილის შენობების დანგრევა 1937 წელს

მელბრუნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხრიოკი ადგილი პორტ-ფილიპსის პირველ მუდმივ საპყრობილედ შეარჩიეს. 1838 წლის 1 იანვარს საპყრობილის ზედამხედველად ჯორჯ უინთლი დაინიშნა, საპყრობილე კი ცნობილი გახდა როგორც უინთლის სასტუმრო.[1] საპყრობილის მშენებლობა 1839-1840 წლებში დასავლეთ კოლინსის ქუჩაზე მიმდინარეობდა, თუმცა სიმცირის გამო მეორე საპყრობილე 1841-1844 წლებში რასელისა და ლა ტრობეს ქუჩების კვეთაში ააშენეს, მაშინდელი უზენაესი სასამართლო შენობის გვერდით.[2] საპყრობილე 1845 წელს გაიხსნა. პატიმრები ხშირად გარბოდნენ, რის გამოც ინვენტარი შეუსაბამოდ მიიჩნიეს. 1850 წლისთვის საპატიმრო უკვე გადავსებული იყო პატიმრებით.[3]

1851 წელს ოქროს აღმოჩენის შემდეგ (როდესაც პორტ-ფილიპსი ვიქტორიას ახალი კოლონია გახდა) მოსახლეობის ნაკადის მოდინების გამო კანონის დაცვა კიდევ უფრო გართულდა. მაშინვე, 1852-1854 წლებში ახალი ფრთა აშენდა საკუთარი შემოსაზღვრული კედლით. შენობა კირქვის ნაცვლად ბაზალტით აიგო. საპყრობილის დიზაინი ბრიტანელი საპყრობილეების ინჟინრის, ჯოშუა ჯების პროექტისა და განსაკუთრებით, ლონდონის პენტონვილის საპყრობილის მოდელის შესაბამისი იყო. 1857-1859 წლებში ახალი ფრთა შემომსაზღვრელ კედელთან ერთად კიდევ უფრო გაფართოვდა. 1860 წელს ჩრდილოეთის ფრთა აშენდა. 1862-1864 წელს დასავლეთ ნაწილში ქალი პატიმრებისთვის საპატიმრო ბლოკი აშენდა, რომელიც აღმოსავლეთ ბლოკის ანალოგი იყო.[4] 1864 წლისთვის საპყრობილისა და შემომსაზღვრელი კედლის მშენებლობა დასრულდა.[2][5]

სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპყრობილის ფუნქციონირების მანძილზე 133 პატიმარი ჩამოახრჩვეს. მათგან ყველაზე ცნობილია ბუშრეინჯერი ნედ კელი, რომელიც ორდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, პოლიციის ოფიცრის მკვლელობაში ბრალდებულად ცნეს და 1880 წლის 11 ნოემბერს 25 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს. იმდროინდელი კანონის მიხედვით, სიკვდილით დასჯილ პატიმრებს ეზოში, უსახელო საფლავებში მარხავდნენ. დაკრძალვის წინ მათთვის ფრენოლოგიური შესწავლის შემდეგ დასაკრძალ ნიღბებს ამზადებდნენ.[6]

პირველი ქალი, რომელიც ჩამოხრჩობით დასაჯეს ვიქტორიის შტატში, ელიზაბეთ სკოტი იყო. იგი ჯულიან კროსთან და დევიდ გეჯთან ერთად 1863 წლის 11 ნოემბერს ჩამოახრჩვეს. უკანასკნელი, ვინც სიკვდილით დასაჯეს, ანგუს მიურეი იყო. ის 1924 წელს ჩამოახრჩვეს. იმავე წელს საპყრობილე დაიხურა.[7]

ხელახლა გახსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წელს სასჯელაღსრულების სისტემის მიმოხილვა ჩატარდა, რის შემდეგაც საპყრობილის დახურვისა და პატიმართა შესაბამის ადგილას გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს. საპყრობილე საბოლოოდ 1924 წელს დაიხურა.[2][3] 1927 წელს ძველი მელბურნის საპყრობილე ემილი მაკფერსონის კოლეჯის შემადგენლობაში შეიტანეს და საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენება გადაწყვიტეს, რამაც ცვლილებები აუცილებელი გახადა. 1929 წელს სიკვდილით დასჯილი 32 პატიმრის ცხედარი, მათ შორის, ნედ კელისაც, ძველი მელბურნის საპყრობილიდან პენტრიჯის ციხის კარიერში გადაასვენეს.[8] 1930 წელს ქალთა საპატიმრო ბლოკი და რამდენიმე სხვა ნაგებობა დაანგრიეს.[6] 1937 წელს პენტრიჯის საპატიმროში კიდევ ოთხი ცხედარი გადაასვენეს.[8][9]

მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ექსტერიერი
მუზეუმის შიგნით

1957 წელს ავსტრალიის დირექტორთა ეროვნულმა საბჭომ მელბურნის ძველი საპყრობილე კულტურული მემკვიდრეობის რეგისტრში შეიტანა,[6] ერთი წლის შემდეგ კი ძეგლის გადასარჩენად ყველანაირი ხარჯის გაღებას დაუჭირა მხარი.[10] 1965 წელს მელბურნის კომერციის ქვედა პალატამ ტურიზმის განვითარებისთვის საპყრობილის მუზეუმად გადაკეთებას დაუჭირა მხარი.[11] 1972 წელს საპყრობილე ხელახლა გაიხსნა, როგორც საჯარო მუზეუმი National Trust of Australia მენეჯმენტის ქვეშ.[3]

2010 წლისთვის საპყრობილე ვიქტორიის შტატში უძველეს სიკვდილით დამსჯელ ობიექტად აღიარეს, რომელსაც ყოველწლიურად 144 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს.[12] საკნებში პატიმრების შესახებ ინფორმაციებია გამოფენილი.[13]

ისტორიული ინფორმაციის გარდა, მუზეუმში სუვენირებიცაა გამოფენილი, მათ შორის: დასაკრძალი ნიღბები, რკინის ნიღაბი და ტყავის ხელთათმანები, რომლებიც პატიმრებს საკუთარი თავისთვის დაზიანებების მიყენებაში ხელს უშლიდა.[13] მუზეუმში გამოფენილია ნედ კელის დასაკრძალი ნიღაბი, პისტოლეტი და მისი ჯავშნის ასლი.[14][15]

მუზეუმში რამდენიმე ტური იმართება: ჯალათის ღამის ტური, რომელშიც მსახიობები ცნობილ და სისასტიკით ცნობილ ჯალათ მაიკლ გეითლის განასახიერებენ[16] და Watch House Experience - ინტერაქტიური წარმოდგენა, რომელში მონაწილეობა დამთვალიერებლებს პატიმრების როლის მორგება შეუძლიათ.[14] 2010 წელს მელბურნის ძველი საპყრობილის Crime and Justice Experience-მა ჰობარტში გამართულ ავსტრალიური ტურიზმის დაჯილდოებაზე კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ტურიზმის კატეგორიაში გაიმარჯვა.[17]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Johnson, Carolyn. Victorian Police Force. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 8 August 2010
  2. 2.0 2.1 2.2 Old Melbourne Gaol. National Trust of Australia – Victoria (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 14 August 2010
  3. 3.0 3.1 3.2 Old Melbourne Gaol Crime & Justice Experience – Visitor Guide, National Trust
  4. Gardiner, Diane. Felon families: Stories of women prisoners and their families. cv.vic.gov.au. Arts Victoria and CV Content Contributors. ციტირების თარიღი: 16 August 2010
  5. RMIT Building 11 (Old Melbourne Gaol), gate-house, chapel and bath-house. RMIT University (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 13 August 2010
  6. 6.0 6.1 6.2 Gardiner, Diane. Old Melbourne Gaol. School of Historical Studies, Department of History, The University of Melbourne. ციტირების თარიღი: 12 August 2010
  7. Schwartz, Larry. (8 October 1989) Old News? This reporter saw it all. The Age. ციტირების თარიღი: 11 August 2010
  8. 8.0 8.1 „Govt confirms bones 'may be Ned Kelly's'. The Sydney Morning Herald. 9 March 2008. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
  9. Davis, Michael. (22 May 2007) Ned Kelly may have been gravely wronged. The Australian. ციტირების თარიღი: 10 August 2010
  10. News of the day. The Age (4 August 1958). ციტირების თარიღი: 11 August 2010
  11. Kelly Gaol Idea. The Age (2 September 1965). ციტირების თარიღი: 11 August 2010
  12. Ziffer, Daniel. (1 May 2005) Trust puts its faith in jailing visitors. The Age. ციტირების თარიღი: 11 August 2010
  13. 13.0 13.1 Gardner, Anthony. (11 February 2003) Australia: Living legend of a ruthless killer. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 11 August 2010
  14. 14.0 14.1 Balvert-O'Connor, Monique (22 July 2010). „Monumental Melbourne“. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 10 August 2010.
  15. Marshall, Catherine. (7 August 2010) Suitcase of memories. The Australian. ციტირების თარიღი: 10 August 2010
  16. What's On – Old Melbourne Gaol. National Trust of Australia – Victoria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 11 August 2010
  17. O'Sullivan, Kay (27 February 2010). „Australia's best attraction named at annual awards“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 11 August 2010.