მარი კივინიემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი კივინიემი
მარი კივინიემი
ფინეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივნისი, 2010 – 22 ივნისი, 2011
წინამორბედიმატი ვანჰანენი
მემკვიდრეიუჰა სიპილია

დაბადებული27 სექტემბერი, 1968 (1968-09-27) (55 წლის)
სეინიაოკი, ფინეთი
მოქალაქეობაფინეთი
პოლიტიკური პარტია"ცენტრის პარტია"
მამაანტი კივინიემი
დედაკაია კივინიემი
მეუღლეიუჰა ლოუჰივუორი
შვილებიჰანა, ანტი
განათლებაჰელსინკის უნივერსიტეტი
საიტიmarikiviniemi.net

მარი კივინიემი (ფინ. Mari Johanna Kiviniemi; დ.27 სექტემბერი, 1968, სეინიაოკი, ფინეთი) — ფინეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, "ცენტრის პარტიის" თავმჯდომარე 2010-12 წლებში, პრემიერ-მინისტრი 2011-12 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი კივინიემი დაიბადა დასავლეთ ფინეთის სამხრეთ ოსტრობოტნიას პროვინციაში ქათმის ფერმის მფლობელთა ოჯახში. მან დაწყებითი განათლება მიიღო იალასაარვის სკოლაში, საიდანაც ერთ წლის ვადით გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დასავლეთ გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში გაიგზავნა. 1988 წელს იგი დედაქალაქში გადასახლდა და ჰელსინკის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. აქ ის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

მშობლების მსგავსად, მარი კივინიემი ფინეთის "ცენტრის პარტიის" მხარდაჭერი იყო. სტუდენტობის წლებში იგი პარტიაში გაწევრიანდა და მცირე ხანში მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა, ხოლო 1992-95 წლებში პარტიის საბჭოს წევრად იქნა არჩეული.[1]

1995 წლის საყოველთაო არჩევნების შედეგად მარი კივინიემმა ედუსკუნტაში პარტიის დეპუტატის მანდატი მიიღო, რომელიც მან მომდევნო 19 წლის მანძილზე შეინარჩუნა.[2] პირველი ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში ის ვაჭრობის და გარემოს დაცვის კომიტეტების წევრად, მოგვიანებით კი საგარეო საქმეთა კომიტეტში საქმიანობდა. 2003 წლის შიდაპარტიული არჩევნებისთვის მარი კივინიემის ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ კოლეგებმა იგი თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2004 წელს ის დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მატი ვანჰანენის მრჩევლად ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, აგრეთვე, ასრულებდა საგარეო ვაჭრობის და განვითარების მინისტრის მოვალეობას, ხოლო 2007 აპრილიდან მუშაობდა მუნიციპალურ საქმეთა მინისტრად.[3]

2010 წლის ივნისში ვანჰანენის შვიდწლიანი კარიერა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დასრულდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.[4]

პარტიულ ყრილობაზე რამდენიმე პრეტენდენტს შორის მარი კივინიემის კანდიდატურაც დასახელდა. კენჭისყრის შედეგად მან მეტოქეებს აჯობა და პარტიის ლიდერის რანგში კოალიციური კაბინეტის მეთაურის პოსტი მიიღო. ანელი იაატენმიაკის შემდეგ ის ფინეთის ისტორიაში მეორე ქალი-პრემიერი გახდა.[5]

კოალიცია ოთხი პარტიისგან შედგებოდა. პარტნიორთა შორის შეთანხმების საფუძველზე, კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. ქვეყნის მთავარი პრობლემა მაღალი უმუშევრობის შემცირება და ეკონომიკურ დაცემასთან ბრძოლა იყო იმ პირობებში, როცა ევროკავშირის ქვეყნებზე აისახა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისგან გამოწვეული რეცესია. ფინეთში სადისკუსიო საკითხად იქცა დიდი მოცულობით ეროვნული ვალის მქონე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, რასაც არცთუ მცირე რაოდენობით მოწინააღმდეგე ჰყავდა.

2011 წლის 17 აპრილს მორიგი საპარლამენტო არჩევნები შედგა. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვების თანახმად, თავად პარტიაზე მაღალი რეიტინგი მის ხელმძღვანელს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ "ცენტრის პარტიამ" ისტორიული ანტი-რეკორდი დაამყარა - პირველი ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა და პარლამენტში 51 ადგილიდან 16 დაკარგა. მთავრობა გადადგა.[6] პარტიის შიგნით მხარდაჭერის შემცირების გამო პოსტი დატოვა პარტიის ლიდერმაც, თუმცა ედუსკუნტას წევრად მარი კივინიემი 2014 წლის შემოდგომამდე დარჩა.

2014 წლის 25 აგვისტოს მან დაიკავა "ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის",[7] ხოლო 2018 წელს - ფინეთის ვაჭრობის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი.

ოჯახური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს დაქორწინდა იუჰა ლოუჰივუორიზე.

წყვილს ორი შვილის შეეძინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვერდი ტვიტერში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. People: Mari Kiviniemi weform.org
  2. Experts: Mari Kiviniemi live.worldbank.org
  3. Mari Kiviniemi councilofworldleaders.org
  4. Kiviniemi named Finland's prime-minister politico.eu, 22 June 2010
  5. Finland picks new prime minister Mari Kiviniemi bbc.com, 22 June 2010
  6. Finnish government hands in resignation დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine. barentsobserver.com
  7. Mari Kiviniemi oecd.org