მამერტინელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამერტინელები (ლათ. Mamertini, „მარსის შვილები“; ბერძ. Μαμερτῖνοι) — დაქირავებული რაზმი იტალიიდან, რომლებიც სირაკუზის ტირანმა და სიცილიის თვითგამოცხადებულმა მეფე აგათოკლემ (ძვ. წ. 361–289) დაიქირავა მათი სამშობლო კამპანიიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც სირაკუზა დამარცხდა მეშვიდე სიცილიურ ომში, ძვ. წ. 307 წელს ქალაქი მესინა კართაგენელებს გადაეცა. აგათოკლეს გარდაცვალების შემდეგ მამერტიანელებმა მესინა დაიკავეს. იგივე ბედი ეწია მესინის სრუტის აღმოსავლეთით მდებარე იტალიურ ქალაქ რეგიუმს. რეგიუმის შეშინებულმა მოსახლეობამ დახმარება რომს სთხოვა. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი დეციუს იუბელიუს კამპანუსის მეთაურობით. ძვ. წ. 271 წელს აჯანყება რომაელებმა ჩაახშეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.

მესინაში დარჩენილ კამპანიელების წინააღმდეგ სირაკუზელების ახალი ტირანი ჰიერონ II იბრძოდა. საბოლოოდ მან მდინარე ლონგანუსთან გამართულ ბრძოლაში კამპანიელები დაამარცხა. მაშინ მამერტინელების ერთმა ნაწილმა, როგორც ისტორიკოსი პოლიბიოსი გადმოგვცემს, კართაგენლებს დაუკავშირდა, ხოლო მეორე ნაწილი სისხლით მონათესავე რომაელებს. თავდაპირველად რომის სენატი ყოყმანობდა ამ საკითხის გადაწყვეტაში, მაგრამ სახალხო კრებამ დაადგინა მამერტინელების დასახმარებლად კონსულის მეთაურობით მესანაში ჯარი გაეგზავნა, ასე წარმოიქმნა რომაელებსა და კართაგენლებს შორის ხანგრძლივი ბრძოლის საბაბი. მამერტიანელები რომის მოკავშირეები გახდნენ (ლათ. civitas Mamertina foederata).

რომაელებმა მეფე ჰიერონ II-ს თხოვნით მიმართეს, რათა შეეწყვიტა მესინაზე თავდასხმები. კართაგენელები აღშფოთდნენ რომის მოულოდნელი პოლიტიკით. ამავდროულად კართაგენელმა ადმირალმა ჰანონმა, რომელმაც ფლოტი მესინის ნავსადგურებში შეიყვანა, მოახერხა არა მხოლოდ ჰიერონის დაზავება მამერტიანელებთან, არამედ ქალაქის ციტადელის დაკავებაც. ამ მოვლენებმა განაპირობა რომის მიერ კართაგენის წინააღმდეგ ომის გამოცხადება და ორი ლეგიონი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით ჩავიდა სიცილიაში.

მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელები მესინის სრუტეს აკონტროლებდნენ, კონსულმა მაინც შეძლო ღამის საფარქვეშ სიცილიაზე გადასვლა მოკავშირეთა ფლოტის გამოყენებით. მამერტინელებს ამასობაში უკვე განედევნათ კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა გარნიზონის მეთაური ჰანონი ქალაქის დაკარგვისთვის ჯვარს აცვეს (ἀνεσταύρωσαν). ამ მოვლენების შედეგად ძვ. წ. 264 წელს დაიწყო პირველი პუნიკური ომი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოლიბიუსი, „ისტორია“. I:8, 10-11.
  • წერეთელი ა., ძველი რომი, ტ. 1-2, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1961.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]