მამადაანების ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამადაანების ღვთისმშბლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთს მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით და ალაგ-ალაგ შირიმის ტლანქად დამუშავებული, სწორკუთხა ქვებიცაა ჩართული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარის და სამხრეთ კედლის ნაწილი, მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე და აღმოსავლეთის ფასადის წყობის ნახევარზე მეტი. შესასვლელი სამხრეთ კედლის შუა ნაწილშია. აღმოსავლეთით ღრმა, თითქმის ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდია, რომლის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის სამხრეთ გვერდში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აფსიდს ხურავს წესიერი ზომის კონქი, რომლის ნახევარწრიული თაღი შირიმის თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. ნახევარწრიული ფორმისაა კამარაც. ინტერიერი შელესილი ყოფილა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის უმნიშვნელო ფარგმენტები. ეკლესიის შემორჩენლი კედლები გარედან სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრ ლავგარდნით, რომლის ერთი ქვა ჩრდილოეთის ფასადზეა შემოჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]