ლიზინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიზინგის (ინგლ. lease — ქირით გაცემა) შემოღება უკავშირდება სატელეფონო კომპანია „ბულის“ მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. მისმა ხელმძღვანელობამ 1877 წელს მიიღო გადაწყვეტილება, კი არ გაეყიდა თავისი სატელეფონო აპარატები, არამედ გაეცა იჯარით. თუმცა პირველი საზოგადოება, რომლის ძირითადი საქმიანობის საფუძველიც გახდა ლიზინგური ოპერაციები, შეიქმნა 1952 წელს, სან-ფრანცისკოში. ეს იყო კომპანია „იუნაითედ სთეითს იზინგ კორპორეიშნ“ (ჰენრი შონფელდი), და ამდენად აშშ გახდა ახალი ბიზნესის, კერძოდ საბანკო ბიზნესის, სამშობლო.

მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი „ლიზინგი“ გამოიყენება, როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება. იმის მიხედვით, თუ რა ვადითაა დადებული იჯარის ხელშეკრულება, განასხვავებენ იჯარის ოპერაციების 3 სახეს: მოკლევადიანი იჯარა-რენტინგი (ერთი დღიდან ერთ წლამდე); საშუალო ვადიანი იჯარა-ხაირინგი (1-დან 3 წლამდე); გრძელვადიანი იჯარა-ლიზინგი (3-დან 20 წლამდე და მეტი). ამიტომ ლიზინგის ქვეშ მოიაზრება მანქანებისა და მოწყობილობების გრძელვადიანი იჯარა ან მანქანებისა და მოწყობილობების იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ნაყიდია იჯარის გამცემის მიერ მოიჯარისათვის სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის და რომელზეც საკუთრების უფლებას იჯარის მთელი ვადის მანძილზე ინარჩუნებს მეიჯარე.

გარდა ამისა, ლიზინგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სპეციალიზირებული ლიზინგური კომპანიების (რომლებიც მოიპოვებს მესამე პირისათვის ქონებას და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით) შუამავლობით ძირითად ფონდებში დაბანდებების ფინანსირების სპეციფიკური ფორმა. ამგვარად, ლიზინგური კომპანია ფაქტობრივად აფინანსებს, აკრედიტებს მოიჯარეს, ამიტომ ლიზინგი ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „კრედიტი-იჯარა“. განსხვავებით ყიდვა-გაყიდვისაგან, რომლის დროსაც საკუთრების უფლება საქონელზე გადადის გამყიდველიდან მყიდველზე, ლიზინგის დროს საკუთრების უფლება იჯარის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი შეთანხმებული ფასით, გააგრძელოს ლიზინგის ხელშეკრულება ან დაუბრუნოს იჯარის ობიექტი მესაკუთრეს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ლიზინგს აქვს მსგავსება კრედიტთან, რომელიც გაცემულია მოწყობილობის შესაძენად. კრედიტის დროს ძირითად ფონდებში მსესხებელს ვალების დასაფარავად შეაქვს გადასახადები დადგენილ ვადებში. ამასთან ბანკი კრედიტის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ინარჩუნებს საკუთრების უფლებას დაკრედიტებულ ობიექტზე სესხის სრულ დაბრუნებამდე. ლიზინგის დროს მოიჯარე ხდება იჯარით აღებული ობიექტის მესაკუთრედ მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და საიჯარო ქონების ღირებულების სრულ გადახდამდე. თუმცა ამგვარი მსგავსება დამახასიათებელია მხოლოდ ფინანსური ლიზინგისათვის, ლიზინგის მეორე სახე-ოპერატიული ლიზინგი ხასიათდება კლასიკურ იჯარასთან დიდი მსგავსებით.

თავისი იურიდიული ბუნებით, ლიზინგური გარიგება ითვლება საინვესტიციო ფასეულობების გრძელვადიანი იჯარის თავისებურ სახედ. ლიზინგური ოპერაციების ზუსტ განსაზღვრას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან კანონით დადგენილი მისი გაფორმების ფორმის დაუცველობისას, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ლიზინგურ გარიგებად, რაც ოპერაციის მონაწილეებისათვის გამოიწვევს არასასურველ ფინანსურ შედეგებს. ლიზინგის გამცემი არ ეყრდნობა აინაზღაუროს ყველა თავისი დანახარჯი ერთი ლიზინგის მიმღებისაგან შემოსული სალიზინგო გადასახადის ხარჯზე; ლიზინგური ხელშეკრულება, როგორც წესი, იდება 2-5 წლით. რაც გაცილებით ცოტაა მოწყობილობის ფიზიკური ცვეთის ვადაზე და შეიძლება ლიზინგის მიმღების მიერ ნებისმიერ დროს შეწყდეს.