ლეო კვაჭაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან (ლეო) კვაჭაძე (დ. 3 ოქტომბერი, 1908, ლახამულა, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი — გ. 22 იანვარი, 2011, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ქართული ენისა და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარი.

ლეო კვაჭაძემ 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა. 1948 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „რთული წინადადების სწავლების თანამიმდევრობა“. 1931 წლიდან იყო პედაგოგი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის, სოფ. ლახამულის, თბილისის საშუალო სკოლებში მასწავლებლად, დირექტორად. 1947 წლიდან სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა დაიწყო ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენის კათედრაზე. იმავდროულად იყო ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე (1950–1952). აკაკი შანიძესთან ერთად თანაავტორია „ქართული ენის გრამატიკის“ სასკოლო სახელმძღვანელოს ორივე ნაწილისა (1964-იდან 70-იანი წლების მიწურულამდე), ხოლო შემდეგ V–IX კლასების „ქართული ენის“ სახელმძღვანელოსი.

1966 წელს მიენიჭა საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო, 1983 წელს — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის პრემია, 1988 წელს – საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია (წიგნისათვის „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“), 1997 წელს — ღირსების ორდენი.

გარდაიცვალა 2011 წლის 22 იანვარს, 102 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]