ლადოგური სიგი (ლათ.Coregonus lavaretus baeri) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. წარმოადგენს ჩვეულებრივი სიგის ქვესახეობას. ბინადრობს ლადოგის ტბის აუზში. შედარებით დიდი თავი აქვს. გამსვლელი (ტბიურ-მდინარეული) ფორმაა. სქესობრივად მომწიფებული თევზის სიგრძეა 43–55 სმ, საშუალოდ დაახლოებით 50 სმ, საშუალო წონა 0,5–1 კგ, თუმცა გვხვდება ეგზემპლარები წონით 2–3,2 კგ. ქვირითის დასაყრელად მდინარეებში ადის.[1] ბინადრობს ლადოგის ტბის სამხრეთ ნაწილში, დიდწილად მის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში ვოლხოვისა და სვირის უბეების წინ. საქართველოში მოშენებული იქნა ტაბაწყურის ტბაში.[2] ნ. ნინუას მონაცემებით ზრდასრული სიგის საკვებს ზოოპლანქტონთან ერთად, წარმოადგენენ ბენთოსური ორგანიზმები: გვერდულები, წურბლები, ლოკოკინები, ასევე თევზის ქვირითი და ბაყაყები.[3]