კრემლის იარაღის პალატა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იარაღის პალატის შენობა
რუსეთის საიმპერატორო რეგალია

კრემლის იარაღის პალატა (რუს. Оружейная палата), მოსკოვის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი-საგანძური, დაარსებული 1808 წელს, და მოსკოვის კრემლის დიდი სასახლის ნაწილია.

კრემლის იარაღის პალატა დასაბამს იღებს 1508 წელს სამეფო არსენალიდან. სამეფო კარის პეტერბურგში გადატანამდე, იარაღის პალატას ევალობოდა სამხედრო აღჭურვილობის, იარაღის, სამკაულების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა მეფეთათვის. პალატაში მოსკოვის საუკეთესო იარაღის ხელოსნები (ძმები ვიატკინები), იუველირები (გავრილა ოვდოკიმოვი), და მხატვრები (სიმონ უშაკოვი) მუშაობდნენ. 1640-83 წლებში აქ გაიხსნა ხატწერისა და პეიზაჟისტების სახელოსნოები, სადაც ხატვისა და ხელოსნობის გაკვეთილებს უტარებდნენ ნარჩევ შეგირდებს. 1700 წელს პალატა გამდიდრდა რუსეთის მეფეების ოქროსა და ვერცხლის დარბაზების განძებით.

1711 წელე პეტრე დიდმა ხელოსანთა დიდი ნაწილი მის ახალ დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგში გადაიყვანა. 15 წლით გვიან იარაღის პალატა შეუერთდა სამონეტო ეზოს (სამეფო საგანძურის უძველეს საცავს), საცხენოსნო საცავს (სადაც ცხენის უზანგები, მოსართავები და კარეტები ინახებოდა) და მთავარი პალატა (რომელიც მეფეთათვის ტანსაცმლისა და საძინებლის შეკერვას ხელმძღვანელობდა). ამის შემდეგ პალატას იარაღისა და მთავარი პალატა დაერქვა.

ალექსანდრე I-მა 1806 წელს იარაღის პალატა მოსკოვის პირველ საზოგადო მუზეუმად გამოაცხადა, თუმცა მისი კოლექცია საზოგადოებისთვის მხოლოდ 7 წლით გვიან გაიხსნა. თანამედროვე იარაღის პალატის შენობა 1844-51 წლებში აიგო იმპერატორის არქიტექტორი კონსტანტინე ტონის პროექტით. ბოლშევიკთა რევოლუციის შემდეგ იარაღის პალატა შეივსო პატრიარქის საკრისტეს, კრემლის საკათედრო ტაძრების, მონასტრებისა და კერძო კოლექციებიდან წამოღებული განძით. საგანძურის ნაწილი 1930-იან წლებში სტალინის ბრძანებით საზღვარგარეთ გაიყიდა.

1960 წელს იარაღის პალატა კრემლის ოფიციალური მუზეუმი გახდა. ორი წლის შემდეგ პატრიარქის პალატები და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძარი იარაღის პალატას მიაკუთვნეს გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მიკუთვნების მიზნით.

ამჟამად კრემილის იარაღის პალატაში ინახება რუსეთის ალმასის ფონდი. ფონდის გამორჩეულ ექსპონატთა შორისაა რუსეთის საიმპერატორო გვირგვინი, მონომახის ქუდი, ივანე მრისხანეს სპილოსძვლის გვირვინი და სხვა რეგალიები; ორლოვის ბრილიანტი, იაროსლავ II-ის ჩაფხუტი, კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის ხანჯლები; XII საუკუნის ყელსაბამები რიაზანიდან, ოქროსა და ვერცხლის სასადილო ხელსაწყოები, მომინანქრებული ნივთები, საიმპერატორო კარეტები, იარაღი, მორთულობა და ფაბერჟეს 10 კვერცხი.