კრაუნის შადრევანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შადრევანი
კრაუნის შადრევნის კოშკი

კრაუნის შადრევანი (ინგლ. Crown Fountain) — ინტერაქტიული საზოგადოებრივი შადრევანი ათასლწეულის პარკში, ჩიკაგო, ილინოისი; შექმნილი ჟაუმე პლენსას პროექტით, გაიხსნა 2004 წლის ივლისში. მდებარეობს მიჩიგანის ავენიუს სამხრეთ ნაწილში ჩიკაგოს ისტორიული მიჩიგანის ბულვარის კვარტლის მოპირდაპირე მხარეს, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის ჩრდილოეთით და მაკკორმიკ ტრიბიუნ პლაზას სამხრეთით მედისონ ავენიუსა და მონროს ქუჩას შორის.

შადრევანი შედგება შავი გრანიტის ამრეკლი აუზისგან (15 მ სიგანე, 71 მ სიგრძე და 6,4 მმ სიღრმე. შადრევნის ორივე ბოლოს დგას მინის აგურის დიოდური ნათურებით აღჭურვილი სკულპტურა (15 მ სიმაღლით, 7 მ. სიღრმით და 4,9 მ სიგანით). პროექტის განხორციელება დაჯდა $17 მილიონი დოლარი, აქედან $10 მილიონი კრაუნის ოჯახის საჩუქარი იყო, რომლის სახელსაც შადრევანი ამჟამად ატარებს.

შადრევნის ანიმაციას ახორციელებს განათებისა და ელექტრონული სურათების მუდმივი დინამიური გამოფენა. სურათები დროდადრო იცვლება ბუნებრივი წყალვარდნილებისა და ჩანჩქერების პანორამებით, თუმცა ეს კოშკები ყველაზე უკეთ ცნობილია ჩიკაგოელთა სახეების გამოფენით. სულ 1000-მდე ჩიგაკოელის სახე ჩნდება მონაცვლეობით კოშკების ზედაპირზე. ამასთან ილუზია იქმნება, რომ წყალი ამ სახეების მომუწული პირიდან იღვრება, ტრადიციული შადრევნების იმიტაციით, რომლებსაც ქვის ქანდაკებებში წყლის მილი აქვთ დატანებული.

შადრევანი მოქმედებს შუა გაზაფხულიდან შუა ზაფხულამდე ამინდის მიხედვით, ხოლო სურათები კოშკებზე მთელი წელი მონაცვლეობს. ავტორის ჩანაფიქრით შადრევანმა უნდა ასახოს ქალაქის სოციალური ევოლუცია მასში შეტანილი სურათების კოლექციის პერიოდული განახლებით. როცა შადრევნიდან სახეებიდან წყლის ჭავლი არ გამოედინება, ის კოშკების თავიდან იღვრება.