კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში. სამხრეთ შესასვლელის თავზე მოთავსებულია სამშენებლო წარწერა "ჩყოჱ" (1878). ეკლესია აშენებულია მღვდელ ზაქარია მაჭარაშვილის თაოსნობით.

ეკლესია ერთნავიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობა. გეგმით ეკლესია სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი ნაოთხალი, თაღოვანი სარკმლითაა განათებული. ის დარბაზისაგან სივრცობრივად ხის კანკელითაა გამიჯნული. აბსიდის სარკმლის ორივე მხარეს სამი არქიტრავული ნიშია განთავსებული. ორი ზომით ერთმანეთისაგან განსხვავებულია ჩრდილო მონაკვეთში, ერთიც სამხრეთში. მეოთხე ნახევარწრიული ნიშა სარკმლის ქვემოთაა მოწყობილი. აბსიდის ცენტრში დადგმულია ტრაპეზის ქვა. ამბიონისა და აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურითაა ამაღლებული დარბაზის იატაკთან შედარებით. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში განლაგებულ პილასტრებზე, გრძივი და განივი მიმართულებით თაღებია გადაყვანილი. ნავის სამივე კედელში ხუთი ნაოთხალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შენობას გააჩნია სამი შესასვლელი. თითო ჩრდილოეთსა და სამხრეთ კედლებში პილასტრებს შუა, ხოლო მესამე დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილშია დატანებული. ფასადები კარ-სარკმლის ლილვოვანი ამყოლებით და კუთხის პილასტრებითაა დეკორირებული. სამხრეთ შესასვლელი აქცენტირებულია მძლავრი დეკორატიული პორტალით. პორტალს ფარგლავს ორრეგისტრად განლაგებული კედლის ლილვოვანი ამყოლი, რომელთა საფეხურების დამაგვირგვინებელი კაპიტელები დაკავშირებულია ჰორიზონტალურად პროფილირებული ლავგარდნით. პორტალის ქვედა ნაწილში ლილვოვანი მოჩარჩოება ქმნის არეს, რომელშიც ჩასმულია კარის ღიობის სწორკუთხედი.

კარის თავზე სამშენებლო წარწერაა გამოსახული, ხოლო კარის ზემოთ დეკორატიულ ფრონტონის ცენტრში ჩასმულ სწორკუთხა კვადრზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. ასევე რელიეფური ჯვრებია გამოსახული დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფრონტონებზეც. სახურავის ხის კონსტრუქცია ღარიანი კრამიტის საბურავითაა გადახურული. შელესილია ფასადები, შემდეგ კი შეთეთრებული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორე და ამოკორტნილი მოყვითალო ქვა. არქიტექტურულად საპასუხისმგებლო ადგილებში კარგად დამუშავებული ყვითელი კვადრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8943