კაჭრეთის მეორე გორასამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაჭრეთის გორასამარხი.

კაჭრეთის გორასამარხიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. დგას სადგურის ჩრდილოეთით, განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის დასასრულს.

გორასამარხი 1978 წელს შეისწავლა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური, რაზმის ხელმძღვანელი ვ. ვარაზიშვილი). სამარხი დაზიანებული იყო. გორასამარხის მსხვილი რიყის ქვის ყრილის(დიამეტრი-10 სანტიმეტრი სიმაღლე - 0,8 მეტრი) ცენტრალური ნაწილის ქვეშ აღმოჩნდა ოვალური მოყვანილობის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დამხრობილი სამარხი ორმო(სიგრძე-2,10 მეტრი სიღრმე - 1 მეტრი). კიდურებ მოხრილი მიცვალებული ესვენა ორმოს ცენტრალურ ნაწილში მარჯვენა გვერდზე, თავით დასავლეთისკენ. სამარხი ორმოს აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა, ასევე აქ აღმოჩნდა ცხვრის მთლიანი ჩონჩხი ოდნავ მოხრილი კიდურებით, მარჯვენა გვერდზე, თავით სამხრეთისკენ, ორმოს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში და სამხრეთ კედელთან აღმოჩნდა წვრილფეხა საქონლის კიდურები და ხელით ნაძერწი 7 ჭურჭელი, მერვე ჭურჭელი მიცვალებულის მუხლებთან იდგა. თავის ქალის უკან აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუნწგახვრეტილი, პირზე ქედიანი სატევარი.

სამარხში გამოვლენილ კერამიკაში იყო მორუხო-მოყავისფრო, ოდნავ პირგადაშლილი, დაბალყელიანი, კვერცხისებრტანიანი ქილა და ქილის პირისა და მხრის ფრაგმენტი. ერთ-ერთი ქილა დამზადებულია უხეში ქვიშნარევი, მეორე-სილანარევი მკვრივი თიხით. სამარხში იყო აგრეთვე შავპრიალა, ფოსოთი შემკული ცალყურა და მოყავისფრო-მოვარდისფრო, ოდნავ პირმოყრილი სასმისები, ასიმეტრიული ორი ქოთანი და ორი კოჭობი, მათ მოწითალო, ფხვიერი კეცი, ოდნავ გადაშლილი პირი, დაბალი ყელი და თითქმის სწორი გვერდები აქვს, ქოთნებს და კოჭბებს ყელის ძირში ოდნავ რელიეფური, წყვეტილი წიბო შემოუყვება. ერთ კოჭობს ასეთი წიბო მუცლის ზედა ნაწილშიც აქვს შემოვლებული. ორმოსამარხის ყრილის ცენტრალური ნაწილის ქვეშ, ორმოს ფსკერიდან 0,8 მეტრის სიმაღლეზე, ჩანაყარ ქვაზე დასვენებული მიცვალებულის ძლიერ დაშლილი ძვლები აღმოჩნდა. ინვენტარი მას თან არ ახლდა. მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისკენ. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]