კაიშაურნის კვირაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაიშაურნის კვირაწმინდის ეკლესია, მხედართ ხატიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნში, დიდველის პლატოს (კაიშაურნის ველი) შუა წელში, ე. წ. ქუმსიანთ უბნის სამხრეთით 240 მეტრში, კლდის პირას.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა (5,0X3,10 მ.). გადაჰყურებს მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობას და სოფელ ქვემო მლეთას. აქედან, მოპირდაპირე მთაზე მოჩანს ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი. აშენებულია თლილი ქვით და კირით. როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი მოგვიანებით შეთეთრებულია. მცირე ზომის სწორკუთხა კარი (0,40X1,0 მ.) გაჭრილია ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთი და დასავლეთი კედლები ყრუა. აღმოსავლეთ კედელში დატანებულია სარკმელი, რომლის ჭრილიც გარედან ვიწროა, ხოლო შიგნითკენ მკვეთრად ფართოვდება და ძირი საფეხურებად ეშვება. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქლებით, სადაც მოგვიანებით დაფარებულია ტოლი. სახურავს მკვეთრად გამოხატული კეხი გასდევს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილშიც დადგმულია ჯვარი. ჯვრის ბაზისი და ქვედა მკლავი შელესილია, ხოლო ჯვრის ზედა და განივ მკლავებზე ნალესობა ჩამოშლილია და მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. სწორკუთხა, უაფსიდო საკურთხეველში სარკმლის ქვემოთ პატარა სწორკუთხა ტრაპეზი დგას, ხოლო ჩრდილოეთით, შედარებით უფრო დაბლა, თაროა მოწყობილი, რაც სავარაუდოდ სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35115