კათრინ ვუდვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კათრინ ვუდვილი
წოდებები
ბუკინგემის ჰერცოგინია
ბედფორდის ჰერცოგინია
პემბროკის გრაფინია
დაიბადა 1458
გარდაიცვალა 18 მაისი, 1497, (38-39 წლის)
საგვარეულო ვუდვილები
მეუღლე(ები) ჰენრი სტაფორდი, ბუკინგემის ჰერცოგი
ჯასპერ ტიუდორი, ბედფორდის ჰერცოგი
სირ რიჩარდ უინგფილდი
შვილ(ებ)ი ედუარდი, ბუკინგემის ჰერცოგი
ელიზაბეთი, სასექსის გრაფინია
ჰენრი, უილტშირის ერლი
ანა, ჰანტინგტონის გრაფინია
ჰამფრი
მამა რიჩარდ ვუდვილი, რივერსის ერლი
დედა ჟაკეტა ლუქსემბურგელი
რელიგია კათოლიციზმი

კათრინ ვუდვილი (ინგლ. Catherine Woodville; დ. 1458, გრაფტონი, ნორთჰემპტონშირი, ინგლისი — გ. 18 მაისი, 1497, ინგლისი) — ვუდვილთა საგვარეულოს წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ედუარდ IV-ის მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილის უმცროსი და. რივერსის პირველი ერლის, რიჩარდ ვუდვილისა და მისი მეუღლის, ჟაკეტა ლუქსემბურგელის უმცროსი ქალიშვილი.

ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი თავისი დის, დედოფალ ელიზაბეთის კორონაციამდე ცოტა ხნით ადრე, ანუ 1465 წლის მაისში დააქორწინეს ბუკინგემის ჰერცოგ ჰენრი სტაფორდზე. ქორწინებისას სიძეცა და პატარძალიც ბავშვები იყვნენ. როგორც ცნობილია, ბუკინგემის პატარა ჰერცოგი უკმაყოფილო დარჩენილა დაბალი წარმომავლების ქალზე დაქორწინების გამო. ამის მიუხედავად, კათრინმა მას ოთხი შვილი გაუჩინა:

  1. ედუარდი (1478-1521), ბუკინგემის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ლედი ელეონორა პერსი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი. ღალატის გამო სიკვდილით დასაჯა კათრინის დის, ელიზაბეთის შვილიშვილმა, მეფე ჰენრი VIII-მ;
  2. ელიზაბეთი (1479-1532), ცოლად გაჰყვა სასექსის გრაფ რობერტ რედკლიფს, რომელსაც სამი ვაჟი გაუჩინა;
  3. ჰენრი (1479-1523), უილტშირის ერლი, ცოლად შეირთო ჰარინგტონის ბარონესა სესილი ბონვილი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  4. ანა (1483-1544), ცოლად გაჰყვა სირ უოლტერ ჰერბერტს, რომლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ მისთხოვდა ჰანტინგტონის გრაფ ჯორჯ ჰასტინგსს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;

1483 წელს ჰენრი სტაფორდი გლოსტერის ჰერცოგს მიემხრო და დაეხმარა მას, რომ ინგლისის მეფე რიჩარდ III გამხდარიყო. მოგვიანებით ჰენრიმ უღალატა რიჩარდს და ჰენრი ტიუდორის სასარგებლოდ უშედეგოდ სცადა აჯანყება, რის გამოც რიჩარდმა 1483 წლის 2 ნოემბერს თავი მოჰკვეთა.

1485 წელს რიჩარდ III ბრძოლაში მოკლა ჰენრი VII ტიუდორმა და ინგლისის ტახტიც დაიკავა. იმავე წლის 7 ნოემბერს კათრინი ცოლად ჰენრი VII-ის ბიძას, ბედფორდის ჰერცოგ ჯასპერ ტიუდორს გაჰყვა.

ათწლიანი უშვილო ქორწინების შემდეგ, 1495 წელს ჯასპერი გარდაიცვალა. სულ რამდენიმე თვეში, 1496 წლის 24 თებერვალს კათრინი მესამედ და უკანასკნელად დაქორწინდა სირ რიჩარდ უინგფილდზე, რომლისგანაც კიდევ ერთი ვაჟი გააჩინა, სახელად ჰამფრი.

მესამე ქორწინებიდან მალევე, 1497 წლის 18 მაისს, 38-39 წლის კათრინ ვუდვილი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ადგილი და მიზეზი დღემდე უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Call, Michel L. (2005). The royal ancestry bible : a 3,400 pedigree chart compilation (plus index and appendix) containing royal ancestors of 300 colonial American families who are themselves ancestors of 70 million Americans (1st ed.). Salt Lake City, Utah: M.L. Call. ISBN 1933194227. (chart 806)
  • Nicholls, C.S.; Le May, G H L, eds. (1993). "Henry Stafford, Second Duke of Buckingham". The Dictionary of national biography (Reprinted ed.). Oxford [England]: Oxford University Press. ISBN 9780198652113.
  • Myers, A R (1967). "The household of Queen Elizabeth Woodville, 1466-7". Bulletin of the John Rylands Library. 50 (1): 207–235. ISSN 0301-102X.
  • Pugh, T B (1963). The Marcher Lordships of South Wales 1415-1536. Cardiff: University of Wales Press. ISBN 0708301150.
  • Smith, George, ed. (1975) [1935]. The coronation of Elizabeth Wydeville, Queen Consort of Edward IV, on May 26th, 1465 : a contemporary account set forth from a XV century manuscript. Cliftonville (57 Clarence Ave., Cliftonville, Kent): Gloucester Reprints. ISBN 0904586006.