იოზეფ კაროლ ჰელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზეფ კაროლ ჰელი
მშობლიური სახელი Hell József Károly
დაბადების თარიღი 15 მაისი 1713
ბანსკა-შტიავნიცა, ჰაბსბურგთა მონარქია
გარდაცვალების თარიღი 11 მარტი 1789 (75 წლის)
ბანსკა-შტიავნიცა, ჰაბსბურგთა მონარქია
მოქალაქეობა ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია
საქმიანობა გამომგონებელი, მეშახტე
მშობლები მამა: მათეო კორნელ ჰელი

იოზეფ (იოჯეფ) კაროლ ჰელი ( გერმ. Josef/ph Karl Hell, უნგრ. Hell József Károly, სლოვაკ. Jozef Karol Hell ; დ. 15 მაისი, 1713 , ბანსკა-შტიავნიცა, სლოვაკეთი, ავსტრიის იმპერია — გ. 11 მარტი, 1789, იქვე) — სამთო ინჟინერი და გამომგონებელი. მსოფლიოში პირველი ავტომატური წყლის ტუმბოს ავტორი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოზეფის მამა იყო სამთო ინჟინრი მათეო კორნელ ჰელი. 1731 წლიდან მამასთან ეუფლებოდა ინჟინერიას. 1737 წელს გახდა სამთო სკოლის პროფესორის სამუილ მიკოვინის სტუდენტი. მიიღო ღრმა თეორიული ცოდნა მათემატიკის, გეომეტრიის და გეოდეზიის განხრით.

მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნის დასაწყისში ავსტრიის იმპერიის სამთო მრეწველობაში კრიზისული პერიოდი დადგა. მაღაროები უფრო ღრმა გახდა, მიწისქვეშა წყლების არსებობამ შეაფერხა სამთო მოპოვება წყლის ამოტუმბვის გარეშე შეუძლებელი იყო მუშაობა.მაღაროები დახურვის საშიშროების წინაშე დადგ, მაგრამ ინჟინერმა იოზეფ ჰელმა გამოსავალი ნახა — წყლის ენერგიის გამოყენება.[2]

ჰელის შეთავაზების თანახმად, აშენდა ტაიჰი (გერმანული Teich, თარგმანში ნიშნავს მიწისქვეშა წყალს ) — 60 წყალსაცავისგან შემდგარი სისტემა შტიავნიცას მთებში. აშენდა ძირითადად ბანსკა შტიავნიცას ვერცხლის მაღაროებისთვის საჭირო ენერგიის წარმოებისთვის. ისინი დაკავშირებულია არხებითა და გვირაბებით, რომელთა საერთო სიგრძე 100 კმ-ზე მეტია.

ამ მხარეში მნიშვნელოვანი მდინარეები არ არის, ამიტომ ტაიჰი წყალს წვიმისა და თოვლის დნობისგან აგროვებდა. გარდა ამისა, არხების სისტემის მეშვეობით წყალი იგზავნებოდა მაღაროებიდან წყლის ამოტუმბვის მანქანებში. კაშხლების სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრი იყო. ტაიჰის სისტემის სიმძლავრე 3 მილიონი კუბური მეტრია.

ტაიჰების მშენებლობა დიდ რესურსებს მოითხოვდა. რიხნიავას ტბაზე ორი ტაიჰა 3 წლის განმავლობაში (1738-1740) 4000-მა ადამიანმა ააგო. ეს გიგანტური სტრუქტურები მაღაროებს ენერგიით ამარაგებდნენ. შედეგად მაღაროები განახლდა. მაგრამ იმდროინდელი ტუმბოები დაბალი სიმძლავრის იყო და უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა წყლის ამოტუმბვაზე. მსოფლიოში პირველი ორთქლზე მომუშავე ტუმბოები უკვე გამოჩნდა, მაგრამ მათი კონსტრუქცია დიდი რაოდენობით ხე-ტყეს მოითხოვდა და ძალიან ძვირი ღირდა.

1736 წელს, 23 წლის ასაკში, ინჟინერმა იოზეფ კაროლ ჰელმა შეიმუშავა და წარადგინა წყლის ავტომატური ტუმბო, რომელიც იმ დროისთვის არსებულზე ბევრად უფრო ძლიერი იყო. მისმა პირველმა მანქანამ შეძლო წყლის ამოტუმბვა 212 მეტრის სიღრმიდან. ეს ტუმბო ექსპლუატაციაში შევიდა 1738 წელს ბანსკა-შტიავნიცაში. თანდათან მისი გამოგონებები ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. იოზეფ კაროლ ჰელის სატუმბი მანქანები, რომელიც აშენდა 1749-1768 წლებში, ამ სფეროში საუკეთესო ტექნოლოგიებს შორისაა მთელ მსოფლიოში. ამჟამად ისინი ძირითადად გამოიყენება ნავთობის მოპოვებისთვის (ნავთობის სატუმბი).[3]

1744 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი გახდა ბანსკა შტიავნიცას რეგიონის სამთო მაღაროების მთავარი სამთო ინჟინერი.

იოზეფ კაროლ ჰელი გარდაიცვალა სიღარიბეში 1789 წლის 10 მარტს სამშობლოში, ბანსკა-შტიავნიცაში.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hell József Károly // http://mek.oszk.hu/00300/00355/html/ABC05727/06198.htm
  2. Jozef Karol Hell // CERL Thesaurus — Consortium of European Research Libraries.
  3. S. Wagner, Francis (1977). Hungarian Contributions to World Civilization. Alpha Publications. ISBN 978-0-912404-04-2.
  4. Simon, Andrew L. (1999). Made in Hungary: Hungarian Contributions to Universal Culture. Simon Publications. ISBN 0-9665734-2-0.