იოანე კლემაქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე კლემაქი

ღირსი იოანე კლემაქი (ბერძნ. Ἰωάννης τῆς Κλίμακος; დ. 525 - გ. 649) – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 მარტი, ახალი სტილით - 12 აპრილი და დიდმარხვის მეოთხე კვირა.

ცხოვრება[რედაქტირება]

ღირსი იოანე კლემაქი ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა „კიბე“, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ. ღირს იოანეს წარმოშობაზე თითქმის არანაირი ცნობები არ შემონახულა. არსებობს გადმოცემა, რომ იგი დაიბადა დაახლოებით 570 წელს და იყო წმინდა ქსენოფონტისა და მარიამის ვაჟი. 16 წლის იოანე მივიდა სინას მონასტერში. მისი მოძღვარი და ხელმძღვანელი იყო ამბა მარტირი. მონასტერში ოთხი წლის ცხოვრების შემდე იოანე ბერად აღიკვეცა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმ მას უწინასწარმეტყველა, რომ გახდებოდა წმინდა ეკლესიის მნათობი. 19 წლის მანძილზე ღირსი იოანე მორჩილად იყო თავის სულიერ მამასთან. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანემ განდეგილური ცხოვრება აირჩია და თოლად წოდებულ უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ორმოცი წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.

ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმინდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა.

ღირსი იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი მამა სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, ღირსმა იოანემ საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. მოშურნეებმა შეიგნეს თავიანთი შეცდომა და ღირს მამას შეევედრნენ, არ მოეკლო მათთვის სულის მარგებელი საუბარი.

ადამიანთაგან თავისი ღვაწლი რომ დაეფარა, ღირსი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. 74 წლის ასაკში წმინდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა იოანეს სასწაულმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.

რაითის მონასტრის იღუმენის წმინდა იოანეს (ხს. ყველიერის შაბათს) თხოვნით წმინდა იოანემ დაწერა „კიბე“ – სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მიღწევისთვის. ამ ნაწარმოების მიზანია ქრისტიანს ასწავლოს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატის აღდგენა. თუმცა წიგნი მონაზვნებისთვის დაიწერა, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს სულიერი ცხოვრების კიბის საფეხურების გავლასა და უფალთან მიახლოებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.