ივანე იმნაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე იმნაიშვილი
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1906(1906-01-10)[1]
დაბ. ადგილი ლაშისღელე
გარდ. თარიღი 26 იანვარი, 1988(1988-01-26) (82 წლის)
საქმიანობა ფილოლოგი, ენათმეცნიერი და ლექსიკოგრაფი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ივანე ბესარიონის ძე იმნაიშვილი (დ. 10 იანვარი, 1906, ლაშისღელე — გ. 26 იანვარი, 1988) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლექსიკოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე იმნაიშვილი დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლაშისღელეში. იგი იყო ნაბოლარა თერთმეტშვილიან ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ ბესარიონ იმნაიშვილი და პოლინე ფირცხალაიშვილი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ შუხუთში, 1926 წელს დაამთავრა ლანჩხუთის ათწლედი. იყო მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალ „ჟირაფის“ რედაქტორი. 1926 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. ამ პერიოდში ასევე დაამთავრა თბილისის უცხო ენათა უმაღლესი კურსები (ლიცეუმი), სადაც დაეუფლა გერმანულ ენას. დაბრუნდა ლანჩხუთში და მუშაობა დაიწყო როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე გერმანული ენის მასწავლებლად.

1930-1935 წლებში მუშაობდა ლაჩხუთის განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, სასკოლო ინსპექტორად, პედაგოგიური ტექნიკუმის სასწავლო ნაწილის გამგედ. 1935-1938 წლებში მუშაობდა მცხეთაში პედაგოგიური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგედ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. აქ დაოჯახდა, ცოლად შეირთო თავისივე ნამოწაფარი მარიამ მაჩხანელი. მათ შეეძინათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

1938 წელს ივანე იმნაიშვილი დაბრუნდა თბილისში. 1938-1941 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის ასპირანტი. მუშაობდა აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. 1942 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „წრფელობითი ბრუნვის საკითხისთვის ძველ ქართულში“. ასპირანტურის პარალელურად, 1939 წელს მუშაობა დაიწყო უფროს მასწავლებლად ქართლი ენის კათედრაზე, სადაც 1943 წელს დაიკავა დოცენტის თანამდებობა. 1939 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში, რომელიც 1946 წლიდან სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ამ ინსტიტუტში იგი 1951 წლამდე მუშაობდა და 1948-1951 წლევში განაგებდა ქართული ენის კათედრას.

1959 წელს ივანე იმნაიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში“. 1960 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი.

1967 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1976 წელს ქართულ საბჭოთა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ივანე იმნაიშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ასევე ივანე ჯავახიშვილის მედლით.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე იმნაიშვილი 150-მდე ნაშრომის ავტორია, აქედან 2 ათეულზე მეტი წიგნია. ძირითადად იკვლევდა ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის და ლექსიკური შედგენილობის საკითხებს. საინტერესო დაკვირვებები აქვს ქართული პოეტური ენის პრობლემებზე, მუშაობდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებზე. არის როგორც უმაღლესი, ისე საშუალო სკოლის სახელმძღვანელოების ავტორი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების მეცნიერული პუბლიკაციისა და მათი ლექსიკონების შედგენის საქმეში. მან 1949 წელს გამოსცა „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათიის“ პირველი ტომი, რომელშიც სხვების მიერ გამოცემულ და კარგად ცნობილ ძეგლებთან ერთად პირველად დაიბეჭდა ალავერდის, ქსნისა და ტბეთის ოთხთავების ნაწყვეტები, „წინასწარმეტყუელება იონაჲსი" და „პოვნაჲ პირველ-მოწამისა სტეფანჱსი“. 1963 წელს გამოსცა ქრესტომათიის მეორე ტომი, რომელშიც მოთავსებულია მანამდე გამოუქვეყნებელი ტექსტები - სამი სინური ხელნაწერიდან შერჩეული 11 თხზულება, მათი ენის გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ.

ივანე იმნაიშვილი ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. მან სინურ მრავალთავს მიუძღვნა მონოგრაფია, რომელიც 1975 წელს გამოიცა. გამოკვლევაში ენობრივ მიმოხილვასთან ერთად წარმოდგენილია ვრცელი ლექსიკონი.

ქართული ენის მკვლევართათვის სამაგიდო წიგნადაა მიჩნეული ივანე იმნაიშვილის მონოგრაფია „ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი“, რომელიც 1948-1949 წლებში ორ წიგნად გამოიცა.

ძველი ქართული ხელნაწერების გარდა ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ქართულ პოეზიას. მას ეკუთვნის გამოკვლევა „ქართული პოეტური ენის საკითხები“ (1966), რომელშიც შეჯამებულია ძველი ქართული პოეტიკის საკითხებზე ავტორის კვლევა-ძიების შედეგები. მან 1968 წელს გამოსცა მონოგრაფია „ვაჟა-ფშაველა და ძველი ქართული ენა“.

ივანე იმნაიშვილი ენათმეცნიერებ აკაკი შაინიძესთან და ლეო კვაჭაძესთან ერთად „ქართული ენის გრამატიკის“ სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორია.

დასახელებული შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი. – თბ, 1948-1949.
  • ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია. ტ. 1, V-X საუკუნის ძეგლები. – თბ, 1949.
  • ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია. წ. 2. – თბ, 1963.
  • ქართული პოეტური ენის საკითხები. – თბ, 1966.
  • ვაჟა-ფშაველა და ძველი ქართული ენა. – თბ, 1968.
  • შანიძე ა., ქართული ენის გრამატიკა. ნაწ. 1, ფონეტიკა და მორფოლოგია : V-VI კლასები / ა. შანიძე, ლ. კვაჭაძე, ივ. იმნაიშვილი. – თბ, 1968.
  • სინური მრავალთავი : გამოკვლევა და ლექსიკონი // ძველი ქართული ენის კათედრის შრომები. – ტ. 17. – თბ, 1975.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]