ივანე ბულუღაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ბულუღაშვილი, იგივე ივან-ბაბა ბულუღაშვილი (დ. 1801 — გ. 1872) — ქართველი მოღვაწე, საინგილოში ქრისტიანობის აღმდგენელი, განმანათლებელი.

ივანე ბულუღაშვილი პირველი იყო, ვინც XIX საუკუნეში გამაჰმადიანებულ ინგილოთაგან ქრისტიანობა მიიღო. ის 1850 წელს სხვა ქართველებთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა და მართლმადიდებლურად მოინათლა. ძალიან მოკლე პერიოდში საინგილოში 16 ათასი ქართველი გაქრისტიანდა, მაგრამ ამ პროცესს 1864 წელს რეგიონში მომხდარმა აჯანყებამ შეუშალა ხელი.[1]

დაკრძალულია კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, რომელიც მისი თაოსნობით აღდგა.

თქმულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ბულუღაშვილის საფლავი კვიპაროზის ძირშია. იქვე ორი იდუმალებით მოცული „უცხო ხე“ დგას, ერთ–ერთი მათგანი ნამეხარს ჰგავს, შუაზე გაჩეხილს ერთი ნახევარი თაღისებურად დახრილია ივანე ბულუღაშვილის საფლავთან. ამის შესახებ კახში ჩაწერილი ერთი ლეგენდა ამობობს:

ვიკიციტატა
„ერთხელ ივანეს ღრმა ძილით სძინებია ერთი კვირის განმავლობაში, სიზმრად მას ანგელოზი გამოეცხადა და ნათლისღებისაკენ მოუწოდა და უთხრა: „განსპეტაკდი, ვითარცა წვერი შენიო“. როცა გაიღვიძა ივანემ, დაინახა რომ წვერი გასთეთრებოდა, ირწმუნა ანგელოზის გამოცხადება, ფეხით ჩავიდა თბილისში და სიონის ტაძარში მოინათლა. კახში დაბრუნებულს მეორედ ესიზმრა. ამჯერად ანგელოზმა ამცნო, რომ სოფელში ცაცხვების გარემოცვაში მდებარე დანგრეული ეკლესიის აღდგენა ევალებოდა. ღვთის ნებით, ეს დავალებაც შესრულდა. მესამე გამოცხადებისას ანგელოზმა ივანეს ამცნო, რომ ეკლესიის ეზოში თანმიმდევრულად აღმოცენდებოდა სამი ხე, რაც წმინდა სამებას განასახიერებდა, იმავდროულად ეს იქნებოდა მასზე გადმოსული ღვთის მადლი, რის შემდეგაც ივანეს შეეძლო თავისი თანამოძმენი ხელახლა მოენათლა. ღვთის ნება–სურვილის ასრულების დროს აღმოცენდებოდა ორი ხე, ნიშნად ქრისტეს ორბუნებოვნებისა. ღვთის ნების შესრულებას შეუდგა ივანე, მას დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უხდებოდა, მართლაც, კვიპაროსების ახლოს აღმოცენდა ორი „უცხო ხე“, რომლის მსგავსი ეკლესიის ეზოსა და მის შემოგარენში არ მოიძებნება. როცა ივანე ბულუღაშვილი გარდაიცვალა, მადლიერმა ხალხმა იგი კვიპაროსებთან დაასაფლავა. გავიდა ხანი, ერთხელ გიორგობის წინა წინა საღამოს მოულოდნელად ცა მოიღუშა, გაავდრდა, დაიწყო ჭექა–ქუხილი და კოკისპირული წვიმა მოვიდა. შუაღამისას დაიჭექა, თითქოს ცა გაიხსნაო. ირგვლივ ყველაფერი განათდა, ციდან ცეცხლის ნაკადი გადმოეშვა და ამ უცხო ხეთაგან ერთ–ერთს დაეცა. ხე შუაზე გაიყო. ნახევარი მლოცველივით საფლავის წინ დაიხარა, ნახევარი კი სანთელივით იწვოდა, შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა. დილით, როდეაც მზემ გამოანათა, ხალხი სასწაულის მოწმე გახდა. მაღლა, ცაზე, კვიპაროსების თავზე შვიდფეროვანი ცისარტყელა ეკვროდა ცას.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოსე ჯანაშვილი, საინგილო, “საქართველო”, 1917, №125, გვ. 4, ივ. ბულუღაშვილის, გ. ჯანაშვილისა და სხვების თბილისში ჩასვლა და მონათლვა.
  • ალექსანდრა ჩხენკელი, ივან-ბაბა [ბულუღაშვილი]: (ციკლიდან ინგილო მოღვაწენი) // ალაზნის განთიადი. თელავი და ახმეტა, 1964. 1 სექტემბერი
  • მიხეილ ყულოშვილი, იხსნა საინგილო გადარჯულებისაგან, ლიტერატურული საქართველო, 1991, 11, გვ. 25 საინგილოში მცხოვრები ქართველი მოღვაწე ივანე ბულუღაშვილის გახსენება.
  • მიხეილ ყულოშვილი, რამეთუ დაშთნენ ქართველებად, კომუნისტი 1986, 12, გვ. 4 საინგილოს ეროვნული გმირის, განმანათლებლის ივანე ბულუღაშვილის მოღვაწეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.